სამოქალაქო საზოგადოება საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 16 თებერვალს არასამთავრობოები, მედია და მოქალაქეები პეტიციას ხელს მოაწერენ, რომელსაც საქართველოს პარლამენტს 17 თებერვალს წარუდგენენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წამოიწყეს კამპანია "ეს შენ გეხება", რომლის ფარგლებშიც, ისინი მოითხოვენ დღეს მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას.
აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პეტიცია, ხოლო ექსპერტებმა საკანონმდებლო წინადადების პაკეტი უკვე მოამზადეს.
პეტიცია ღიაა ხელმოწერებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ექსპერტებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ გამოხატავენ არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს.
პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვების ცერემონია 16 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.