დღეს, 11 იანვარს, 19:30 საათზე, მუსიკალური ცენტრის საკონცერტო დარბაზში ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსის საზეიმო დახურვა გაიმართება.
საქართველოს მაშტაბით მუსიკალური სასწავლებლების მოსწავლეთა შესარჩევი მოსმენა-კონკურსი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 8 იანვრიდან საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობდა.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა ექვსი გამარჯვებული. ხუთ მათგანს გადაეცემა საპატიო დიპლომები, ხოლო ერთს მიენიჭება ლაურეატის წოდება და გაემგზავრება პოლონეთში და მონაწილეობას მიიღებს კონცერტში, რომელიც გაიმართება ფრედერიკ შოპენის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
ამასთანავე კომპანია "ხელოვნების აკადემია~ შეარჩევს 5 სტიპენდიანტს, რომელთაც ერთი წლის განმავლობაში საშუალება ექნებათ, კომპანიის დახმარებით, გაიღრმავონ ცოდნა, გაიარონ გამოცდილ პროფესორ-მასწავლებელთა მასტერკლასები, დაესწრონ ცნობილ ხელოვანთა შეხვედრა-ლექციებს, მონაწილეობა მიიღონ კომპანიის მიერ ორგანიზებულ კონცერტებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.