დღეს, 11 იანვარს, თბილისის მეტროპოლიტენს დაარსებიდან 44 წელი უსრულდება. 1966 წლის 11 იანვარს თბილისში გაიხსნა ექვსი მეტრო-სადგური: ,,რუსთაველი," ",მარჯანიშვილი," "ვაგზლის მოედანი," ",ოქტომბერი" (შემდგომში მას ,,ნაძალადევი" ეწოდა), ",ელექტროდეპო" და ,,დიდუბე."
დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი 22 მოქმედი სადგურისაგან შედგება, 23-ე სადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა ამჟამად მიმდინარეობს. თითქმის ყველა სადგური მიწისქვეშაა განთავსებული, მხოლოდ ორი მათგანი - ",ელექტროდეპო" და ",დიდუბე" ქმნიან 3 კმ-იან მიწისზედა უბანს.
უკანასკნელ პერიოდში თბილისის მეტროპოლიტენმა მრავალი ცვლილება განიცადა. პირველად, მისი არსებობის ისტორიაში, განხორციელდა რამოდენიმე სადგურის რეკონსტრუქცია, ნაწილობრივ განახლდა სამატარებლო პარკი, გატარდა უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ზომები. დღეს მეტროთი მგზავრობა კიდევ უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია.
დილის 06:00 საათიდან 24:00 საათამდე მეტროპოლიტენი დღეში საშუალოდ 300 000 მგზავრს ემსახურება.
მეტროპოლიტენი გახსნის დღიდანვე მგზავრების დიდ რაოდენობას ემსახურებოდა.
1967 წლიდან გაგრძელდა სადგურების მშენებლობა და ხაზი 4 კმ.-ით გაიზარდა. მშენებლობა 1971 წელს დასრულდა და საერთო შემადგენლობას კიდევ 5 სადგური დაემატა: ",ლენინის მოედანი" (დღეს მას ,,თავისუფლების მოედანი" ეწოდება), ,,ავლაბარი," ,,300 არაგველი," ,,ისანი" და ,,სამგორი."
1979 წელს მეტროპოლიტენს დაემატა მეორე ხაზი, რომელსაც დამოუკიდებელი მიწისზემოთა ამოსასვლელი არ გააჩნია.
1985 წელს ერთდროულად დაიწყო ფუნქციონირება კიდევ ორმა უბანმა ,,სამგორიდან" სადგურ ,,ვარკეთილამდე" და ,,დიდუბედან" სადგურ ,,გურამიშვილამდე" (დღეს ამ სადგურს ,,სარაჯიშვილი" ჰქვია). ამ უკანასკნელს 1989 წელს ,,ახმეტელის თეატრი" შეემატა. 2002 წელს მეორე ხაზზე კიდევ ერთი სადგური - ,,ვაჟა-ფშაველა" გაიხსნა.
თბილისში მეტრო-სადგურის შექმნის იდეა XX საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა. მისი გახსნის დადგენილება 1951 წლის 29 სექტემბერს ყოფილი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ მიიღო. ერთ წელიწადში ჩამოყალიბდა თბილისის მეტრომშენის სამმართველო. პირველი შახტებისა და გადასარბენი გვირაბების მშენებლობას 1953 წელს ჩაეყარა საფუძველი. მეტროპოლიტენის დირექცია ჯერ კიდევ მისი მშენებლობის პერიოდში შეიქმნა 1962 წელს, ხოლო 1965 წელს ჩამოყალიბდა მეტროპოლიტენის სამმართველო და მისი დანაყოფები.