ქდმ-ს ლიდერები, თბილისის საკრებულოში პარტიის წევრები და დედაქალაქის ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისელებისთვის აქტუალურ, პირველ რიგში გადასაჭრელ პრობლემებზე მსჯელობენ. "ქრისტიან-დემოკრატები" ამ საკითხებზე სასაუბროდ დღეს სასტუმრო "ციტადინში" შეიკრიბნენ.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გადაწყდა თბილისის და თბილისელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე პარტიული პოზიციის გამოკვეთა.
"ჩვენ უშუალო შეხება გვაქვს ამ პრობლემებთან და ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ხალხს, რომლებიც დახმარებას გვთხოვენ. გამოიკვეთა 3 მთავარი საკითხი: ესაა დასაქმება, რისთვისაც აუცილებელია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით სახელმწიფო სტრატეგიის მთლიანად გადახედვა; ესაა მაღალი კომუნალური გადასახადები და რა თქმა უნდა, - ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. კარგია ახალი კლინიკები და თანამედროვე აპარატურა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ჰქონდეთ ამ კლინიკებში მკურნალობის საშუალება. ამ პრობლემას უკავშირდება დაზღვევის სფეროში არსებული ხარვეზებიც" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.