ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი ომის დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და მას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება სასამართლომ 16 სექტემბერს გამოაცხადა. იუწყება Reuters
ტაჩი დამნაშავედ ცნეს ოთხ ეპიზოდში - მკვლელობაში, წამებაში, სასტიკ მოპყრობასა და უკანონო და თვითნებურ დაკავებაში. საქმე 1998-1999 წლებში კოსოვოს ომს ეხება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტაჩი პასუხისმგებელი იყო 96 ადამიანის მკვლელობაზე, 303 ადამიანის წამებასა და 385 ადამიანის უკანონო დაკავებაზე. მსხვერპლებს შორის იყვნენ კოსოვოს გათავისუფლების არმიის (KLA) პოლიტიკური მოწინააღმდეგეები და სერბეთის უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი პირები.
სასამართლომ დაადგინა, რომ ტაჩიმ და KLA-ის კიდევ სამმა ყოფილმა ლიდერმა საერთო დანაშაულებრივი მიზნის ფარგლებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს იმ ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში, რომლებიც ორგანიზაციის მოწინააღმდეგეებად მიიჩნეოდნენ. ამასთან, ტაჩი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ექვს ბრალდებაში გაამართლეს, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ბრალდებების დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა.
ტაჩი, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს სერბეთის ძალების წინააღმდეგ მებრძოლი KLA-ის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მოგვიანებით კოსოვოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი გახდა. ის ბრალდებებს უარყოფს და სავარაიდოდ განაჩენს გაასაჩივრებს.
ტაჩისთან ერთად სასამართლომ KLA-ის კიდევ სამი ყოფილი ლიდერი გაასამართლა: კადრი ვესელს 18-წლიიანი, რეჯეპ სელიმს 13-წლიანი, ხოლო იაკუპ კრასნიჩს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.