ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის 16 სექტემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო და გადამწყვეტ განცხადებებს ელოდა.
ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
ცაჰკნას თქმით, რთული ზამთრის მოახლოების ფონზე უკრაინას უფრო დიდი ეკონომიკური მხარდაჭერა სჭირდება. ამასთან, მისი განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთზე ზეწოლა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს და ევროკავშირის გაფართოების პროცესი დააჩქაროს.
"ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წლევანდელ „ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიურ მიმართვაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები სათანადოდ დააყენა ცენტრალურ თემად და ხაზი გაუსვა ევროპის, როგორც უფრო ძლიერი გეოპოლიტიკური აქტორის, ჩამოყალიბების აუცილებლობას.
არსებული უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით, აუცილებელია უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე, მათ შორის აღმოსავლეთ ფლანგზე, ევროკავშირის მხრიდან მუდმივი პოლიტიკური ყურადღება და დაფინანსება. ნატო კვლავ რჩება ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედად, ხოლო ევროკავშირის ძალისხმევამ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ალიანსის საქმიანობა უნდა შეავსოს და გააძლიეროს.
ასევე მივესალმები ევროპის ძლიერ მხარეებზე ყურადღების გამახვილებასა და სახიფათო დამოკიდებულებების შემცირების აუცილებლობას. ევროპას ბევრი რამ აქვს საამაყო - ერთიანი ბაზრიდან და მსოფლიო დონის ინდუსტრიებიდან დაწყებული, ძლიერი ვალუტით დამთავრებული. მეტი თავდაჯერებულობა გვჭირდება იმაში, რისი მიღწევაც ევროპას შეუძლია.
ამასთან, ველოდი უფრო მკაფიო გზავნილებს იმაზე, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინისთვის რთული ზამთრის წინ საჭირო ეკონომიკური მხარდაჭერა, როგორ გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად და როგორ უზრუნველვყოთ ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოება ომის დასრულების შემდეგ.
გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა.
ამასთან, ევროკავშირის გაფართოების პროცესში გადამწყვეტი წინსვლა გააძლიერებდა არა მხოლოდ მომავალ წევრ ქვეყნებს, არამედ თავად ევროკავშირსაც - უფრო დიდი ერთიანი ბაზრის შექმნით და ევროპის, როგორც გლობალური აქტორის, გაძლიერებით.
ევროპას აქვს ძალა და საჭირო ინსტრუმენტები. ახლა საჭიროა, ამბიცია კონკრეტულ ქმედებებად ვაქციოთ", - წერს მარგუს ცაჰკნა.