გერმანია ლატვიაში Eurofighter-ის ტიპის გამანადგურებლებს განათავსებს, რათა ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დროს ქვეყნის საჰაერო სივრცე დაიცვას. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ინფორმაციით, ლატვიის მოთხოვნის საფუძველზე გერმანიის საჰაერო ძალები ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მიიღებენ მონაწილეობას. ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.
„ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ბალტიის ქვეყნების თავზე უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საჰაერო სივრცის არაერთი დარღვევის ფონზე, ლატვიის მთავრობამ მოკავშირეებს დახმარების თხოვნით მიმართა, რათა საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის საჰაერო სივრცის დაცვა უზრუნველყოთ“, – ნათქვამია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
გერმანიის თავდაცვის უწყების განცხადებით, ქვეყანა „საიმედოდ უჭერს მხარს მოკავშირეებს, რომლებიც აღმოსავლეთ ფლანგზე განსაკუთრებით მოწყვლადები არიან“. ამ მიზნით, გერმანია სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე ლატვიაში Eurofighter-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მცირე კონტინგენტს გაგზავნის.
შეგახსენებთ, 14 აგვისტოს ღამით ლატვიის აღმოსავლეთ რაიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. მოგვიანებით ლატვიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია დრონმა, რომელიც გამანადგურებელმა ჩამოაგდო.