თბილისელებისთვის გაუმჯობესებული სამედიცინო მომსახურების შეთავაზების მიზნით, ქალაქში არსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ახალი სამკურნალო ობიექტების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
დიღომში გარემონტდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, სადაც პაციენტებს 24 საათის განმავლობაში, კვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან. კლინიკაში 200-მდე ადამიანია დასაქმებული.
განახლებული სამკურნალო ცენტრი დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და კლინიკის პერსონალს შეხვდა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა თბილისში წლების განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებს. ამჟამად სამედიცინო ცენტრი გარემონტდა, თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.
შენობაში ბავშვთა თერაპიის, ქირურგიის, კრიტიკული მედიცინის განყოფილებები, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევის ცენტრი, სასწრაფო-გადაუდებელი და ამბულატორიული სამსახური, საოპერაციო ბლოკი და აფთიაქი ფუნქციონირებს.
სამედიცინო ცენტრში განთავსებულია 68 საწოლზე გათვლილი სტაციონარი, დამონტაჟდა კონდიცირება და ვენტილაცია.
განახლებულ ობიქტში პაციენტებს ნებისმიერი სახის სამედიცინო დახმარებას კვალიფიციური ექიმები უმოკლეს ვადაში აღმოუჩენენ.
საუნივერსიტეტო კლინიკაში ფუნქციონირებს ასევე პედაიტრიის პროფილის კათედრა, სადაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ.
სტუდენტებისა და ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 2012 წელს პედიატრიულ კლინიკაში ამერიკისა და ევროპის სხვადსხვა ქვეყნაში მოღვაწე ექიმები ლექციებს წაიკითხავენ და ოპერაციებს ჩაატარებენ. პროექტი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მას სამედიცინო უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად განახორციელებს.
სამკურნალო ცენტრების რეაბილიტაციის პროექტი ქალაქში წარმატებით მიმდინარეობს, რაც მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს მაღალი დონის, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებით ისარგებლოს.
საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის შეთავაზების მიზნით, სახელმწიფო სხვადსხვა სადაზღვევო პროექტებს ახორციელებს.
2012 წელს თბილისის მერიის მიერ, 120 000 ბენეფიციარი დაეზღვია, რაც მნიშვნელოვანი სოციალური პროექტია.