პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს თვეებში რუსეთმა პოლონეთის ტერიტორიაზე თავდასხმები განახორციელოს.
ტუსკმა განცხადება მთავრობის უსაფრთხოების ცენტრში გამართულ თათბირზე გააკეთა. იუწყება პოლონური მედია.
ტუსკმა შეხვედრა შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ასევე ცალკეული სამსახურების ხელმძღვანელებთან გამართა. შეხვედრის მიზეზი კვირა ღამით და დილით პოლონეთის უშუალო სიახლოვეს რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმები გახდა.
„რუსეთის მოქმედებების ესკალაცია უკვე ფაქტია და მისი გამოვლინებები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება.
სასაზღვრო-გამშვები პუნქტების პარალიზების მცდელობა ასეთი ტიპის პირველი შემთხვევა არ არის.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეიდან მნიშვნელოვნად გაძლიერებულ რეჟიმში მოგვიწევს მოქმედება. ვიცით და ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლოესი კვირები და თვეები რუსეთის მხრიდან ძალიან ინტენსიური მოქმედებების პერიოდი იქნება. სამწუხაროდ, არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ ესკალაცია ჩვენს ტერიტორიაზეც გავრცელდება“ - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ყველაზე მძიმე სცენარი არ განვითარდება.
„სამწუხაროდ, ამ დრომდე განვითარებული მოვლენები ადასტურებს ინფორმაციას, რომელსაც უკვე მრავალი თვეა ვიღებთ და რომლის მიხედვითაც, ყველაზე მძიმე სცენარებიც შესაძლებელია“, - დასძინა მან.
ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ არ სურს დაძაბულ ვითარებას რაიმე ფორმით აჰყვეს, თუმცა, მისი თქმით, ეჭვგარეშეა, რომ საჭიროების შემთხვევაში ერთობლივი რეაგირებისთვის მზად უნდა იყვნენ.
„ამ ღამით განხორციელებული თავდასხმები აჩვენებს, რომ რუსები მზად არიან, იმაზე უფრო საშიში ტექნიკა გამოიყენონ, ვიდრე აქამდე. ვგულისხმობ რეაქტიულ დრონებს. მათი მოქმედების რადიუსი და სიზუსტე შეშფოთებას იწვევს. რა თქმა უნდა, უკრაინას, რომელიც დრონებისგან თავდაცვისთვის ძალიან კარგად არის მომზადებული, მათი ასი პროცენტით ეფექტიანად მოგერიებაც არ შეუძლია, რბილად რომ ვთქვათ“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ცეზარი ტომჩიკის ინფორმაციით, კვირას რუსეთის მიერ უკრაინის დასავლეთ ნაწილზე განხორციელებული დრონებით თავდასხმის დროს 13 დარტყმა დაფიქსირდა.
„ამიტომ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთს ასეთი შესაძლებლობები აქვს. შესაბამისად, დაველოდები ინფორმაციას იმის შესახებაც, რამდენად ვართ მზად დრონების შესაძლო გამოყენებისთვის და ამასთან დაკავშირებული ჩვენი საქმიანობის დეზორგანიზების მცდელობებისთვის - იქნება ეს რკინიგზა თუ საწარმოები. არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი შემთხვევები ჩვენთანაც მოხდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისათვის, 13 სექტემბერს რუსეთმა უკრაინაში, პოლონეთის საზღვრიდან ორ კილომეტრში, სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივი დაბომბა. „უკრაინის რკინიგზის“ ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პერცოვსკის განცხადებით, რუსეთი უკვე მეორე დღეა, უწყვეტად უტევს უკრაინის სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, დეპოებს, სადგურებსა და მატარებლებს. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
.