საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები BRIDGE-ის (Building resources in democracy, government and elections - დემოკრატიის, მმართველობის და არჩევნების სფეროში რესურსების განვითარება) პროგრამის მიხედვით ტრენინგებს გაივლიან.
სწავლებაში საქართველოს მასშტაბით თითოეული ოლქის მუდმივმოქმედი წევრები ჩაერთვებიან (ქვეყნის მასშტაბით სულ 76 საოლქო საარჩევნო კომისიაა, თითოეულ კომისიაში წარმოდგენილია 5 მუდმივმოქმედი წევრი).
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები საარჩევნო დავების და სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საარჩევნო სისტემების შესახებ გაივლიან სწავლებას. 22 იანვრიდან 25 თებერვლის ჩათვლით სულ 15 ტრენინგი ჩატარდება, თითოეული ტრენინგი 4 დღეს გასტანს. პირველი სწავლება ბათუმში 22 იანვარს შედგა. დასავლეთ საქართველოს ოლქების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები 4 თებერვალს დასრულდება. 7 თებერვლიდან თბილისში კი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის დაიწყება ტრენინგები.
"BRIDGE"-ის პროგრამა არჩევნების ყველა ასპექტს მოიცავს, მას საარჩევნო აქტივობებზე ორიენტირებული სწავლების სპეციფიური მეთოდოლოგია უდევს საფუძვლად, რომელიც მონაწილეთა შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების განვითარებას და პროფესიონალიზმის ამაღლებას ითვალისწინებს.
პროგრამა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით ხორციელდება. BRIDGE-ის ტრენინგები აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით იმართება.