სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი" წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობის დაშვებას აპროტესტებს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო ცვლილება რეალური გაქრობის წინაშე დააყენებს ისედაც მცირერიცხოვან სახეობებს, პირველ რიგში - ირემსა და ნიამორს.
„ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოში ნებადართული გახდა წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებზე ნადირობა, მათ შორის იმ სახეობებზეც, რომლებიც გადაშენების კრიტიკული საფთხის წინაშე თავის დროზე სწორედ ნადირობის შედეგად აღმოჩნდნენ.
მას შემდეგ, რაც 2006 წელს საქართველოს „წითელი ნუსხა" შეიქმნა, სახელმწიფომ სამწუხაროდ ვერ მოახერხა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულება: არ იქნა უზრუნველყოფილი უკანონო ნადირობის კონტროლი; არ ჩატარებულა წითელი ნუსხის სახეობების აღდგენის ქმედითი ღონისძიებები; ვერ ჩამოყალიბდა წითელი ნუსხის სახეობების მონიტორინგის სისტემა.
მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილებით იქნებოდა შესაძლებელი გადაშენების პირას მისული კონკრეტული სახეობების მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი წითელი ნუსხიდან ამოღება და ნადირობის დაშვება დადგენილი კვოტების შესაბამისად.
გარემოსდაცვით კანონდებლობაში გაუმჭვირვალედ მიღებული ასეთი ცვლილებები: რეალური გაქრობის წინაშე დააყენებს ისედაც მცირერიცხოვან სახეობებს (პირველ რიგში - ირემსა და ნიამორს); აზრს უკარგავს ქვეყანაში წითელი ნუსხის არსებობას, რამდენადაც მასში შეტანილ სახეობებს არავითარი განსაკუთრებული დაცვითი სტატუსი აღარ ექნებათ; ეწინააღმდეგება ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპებს, მხოლოდ მოკლევადიან ფინანსურ ეფექტზეა ორიენტირებული და არ შეუწყობს ხელს არც სანადირო ტურიზმის და არც ეკოტურიზმის განვითარებას საქართველოში.
ამ ეტაპზე წითელი ნუსხის მაღალი კატეგორიის საფრთხის წინაშე მყოფ და უკიდურესად მცირერიცხოვან სახეობებზე (ირემსა და ნიამორზე) ნადირობის კვოტების დადგენა სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია. ხოლო დანარჩენ სახეობებზე განსაზღვრული კვოტები, სათანადო ინფორმაციის არარსებობის გამო, მოკლებული იქნება ყოველგვარ მეცნიერულ დასაბუთებას. ამიტომ, ასეთ ვითარებაში სანადირო კვოტების შემუშავება საქართველოს ველური ბუნების განადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება", - ნათქვამია „ნაკრესის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი" ეხმაურება 2012 წლის 10 იანვარს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სანადირო სახეობების მოპოვების კვოტებს 2012 წლისთვის: „ნუტრია - 194 ცალი, კურდღელი - 615 ცალი, მაჩვი, - 168 ცალი, ტყის კვერნა - 157 ცალი, ქვის კვერნა - 157 ცალი, მგელი - 120 ცალი, ტურა - 1453 ცალი, მელა - 162 ცალი, ტყის კატა - 77 ცალი, გარეული ღორი - 189 ცალი, შველი - 417 ცალი, ენოტი - 96 ცალი, ხოხობი - 416 ცალი, კაკაბი - 713 ცალი, დურაჯი - 50 ცალი".
„ნაკრესის" აზრით, ზემოხსენებული კვოტები მოკლებულია ყოველგვარ სამეცნიერო საფუძველს, რადგან საქართველოში არ ჩატარებულა ამ სახეობების აღრიცხვები და, შესაბამისად, უცნობია მათი რიცხოვნობა; „სრულიად გაუგებარია როგორ და რა მეთოდით იქნა გამოთვლილი უცნაური სიზუსტის რაოდენობები (მაგ. გარეული ღორი - 189 ცალი); რთულია რაიმე ლოგიკის დანახვა ამ რიცხვებში - მაგ. ტურაზე დადგენილია მოპოვების ძლიერ მაღალი კვოტა (1453), ენოტზე კი, რომელიც ჩვენი ფაუნის უცხო სახეობას წარმოადგენს - მხოლოდ 96. არასწორად დადგენილი კვოტა ველური ბუნებისთვის ისევე საზიანოა, როგორც - არალეგალური ნადირობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სანადირო კვოტები არ არის გადანაწილებული რეგიონების მიხედვით", - აღნიშნულია სახეობათა კონსერვაციის ცენტრის განცხადებაში.
„მთავრობამ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, ნადირობა დაუშვას წითელი ნუსხის, ანუ იშვიათ და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებზეც და თუ სანადირო კვოტები ამ შემთხვევაშიც ანალოგიური მიდგომით განისაზღვრება, შედეგი უკვე კატასტროფული იქნება - გარკვეულ სახეობებს სამუდამოდ დავკარგავთ", - აღნიშნეს „ნაკრესში".