სოფელ ველისციხეში აღმოჩენილი 2 ნახატი შესაძლოა ფიროსმანს ეკუთვნოდეს. ნამუშევრები საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის კედელზეა შესრულებული. ერთ-ერთ სურათზე ორთქმავალია დახატული, ხოლო მეორეზე საწნახელი წარწერით `შენ გვაცხონე მარანო".
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ველისციხის გამგებელმა ნუკრი ბახლიშვილმა განუცხადა, 80-იანი წლების დასაწყისში ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ნამუშევრების ავტორი ნიკო ფიროსმანაშვილია.
ხელოვნებათმცოდნეების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ნახატები ფიროსმანს არ ეკუთვნის, თუმცა ნამუშევრებში მისი აშკარა გავლენა შეიმჩნევა.
`მე-20 საუკუნის დასაწყისში, ოთახში, რომლის კედელზეც სურათებია, დუქანი იყო. გადმოცემით, წლების წინ, სახლთან ახლოს ბაზარი ყოფილა~, - აღნიშნავს სახლის მეპატრონე თენგიზ გაბიტაშვილი.
ამ დროისთვის ნახატების შესწავლა არ მიმდინარეობს.