აშშ უკრაინაში სასამართლო პროცესების ჯეროვან ჩატარებას, უკრანის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოსა და სხვა დაპატიმრებული ყოფილი ჩინოვნიკების გათავისუფლებას მოითხოვს. ეს განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა იულია ტიმოშენკოსათვის მიწერილ წერილში გააკეთა.
"ჩვენ ვაგრძელებთ დაბეჯითებით მოთხოვნას იმისა, რომ აუცილებელია ჯეროვანი სასამართლო პროცესის ჩატარება, ასევე თქვენი და სხვა ყოფილი სახელმწიფო პირების გათავისუფლება. ამასთან ერთად,დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ყველა პარტია თუ კანდიდატი. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მთლიანობაში ევროპული ინტეგრაციისათვის, რასაც თქვენი ქვეყანა წარსულში წარმატებით ახორციელებდა კიდეც. მიმაჩნია, რომ ეს ასეც იქნება ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დროს", _ ნათქვამია ჰილარი კლინტონის მიერ იულია ტიმოშენკოსათვის გაგზავნილ წერილში.
მისივე თქმით, აშშ გამუდმებით ადევნებს თვალს ტიმოშენკოს საქმესთან დაკავშირებული მოვლენების განვითარებას.
"აშშ იმედგაცრუებულია იმით, რომ კიევის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა თქვენს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. ამის შემდეგ ჩვენი შეშფოთება გააძლიერა იმან, რომ მიღებულ იქნა უცაბედი გადაწყვეტილება თქვენი ციხეში გადაყვანის შესახებ, კიევის მოშორებით. განსაკუთრებით ვითვალისწინებთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას", _ აღნიშნავს კლინტონი წერილში.
მისივე თქმით, "ჩვენ ასევე გვაწუხებს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრული საქმეები. მინდა ავღნიშნო, რომ მე ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ ამ ძნელბედობის ჟამსაც კი თქვენ მხარს უჭერთ უკრაინის ინტეგრაციას ევროკავშსა და ყველა მეზობელთან კარგ ურთიერთობებს. დემოკრატია და განვითარება გვერდიგვერდ მიაბიჯებენ. ნება გვიბოძეთ გაუწყოთ, რომ აშშ მომავალშიც დაუჭერს მხარს უკრაინელი ხალხის სურვილს გადააქციონ თავიანთი სახელმწიფო აყვავებულ ევროპულ დემოკრატიად", _ აცხადებს ჰილარი კლინტონი.