კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმღვანელის გოგი ხუციშვილი, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში უახლოეს წლებში რაიმე დადებითი დინამიკას არ მოელის.
"მოველი უარყოფით დინამიკას იმ თვალსაზრისით, რომ იზრდება გაუცხოება, ნელ-ნელა მატულობს იმ სახელმწიფოთა რიცხვი, რომელიც აღიარებს აფხაზეთს, ან ოსეთს ან ორივეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ არის ქვეყნები, რომლებიც გარკვეულწილად აქტიურდებიან ამ ტერიტორიების მიმართ ეკონომიკური კუთხით. ანუ, თუ ეკონომიკური პროცესები დაიწყო ამ ტერიტორიებთან, ეს შეიძლება აღიარებაში გადაიზარდოს. ჩვენი მხრიდან აქტიური ჩართულობა, ჩვენი მხრიდან თანამშრომლობა ევროპასთან იმ მიმართულებით, რომ ევროპამ გარკვეული როლი ითამაშოს, ეს შეიძლება რუსეთის ფაქტორის დასაბალანსებლად გამოდგეს. ეს იქნებოდა ჩვენთვის სასიკეთო, მაგრამ ჩვენ ამას არ ვუწყობთ ხელს. შეიძლება ისეთი პროგნოზი გაკეთდეს, რომ უახლოეს წლებში ამ მიმართულებით რაიმე დადებით დინამიკა არ იყოს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ხუციშვილმა.
მისი თქმით, აგვისტოს ომის შემდგომ ჩამოყალიბებული სტატუსკვოს შეცვლა ძალიან ძნელია.
"მთელი 2008 წლის აგვისტოს შემდგომი განვითარება, იყო მიმართული იმისკენ, რომ სიტუაცია ყოფილიყო ჩაკეტილი იმ სტატუსკვოს მდგომარეობაში, რომელიც შეიქმნა აგვისტოს შემდგომი გადაწყვეტილებების შემდეგ რუსეთის მხრიდან. ამის საპასუხოდ ერთადერთი რეალური ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან გადაიდგა, იყო იმ სახელმწიფო სტრატეგიის მიღება, რომელიც სახავდა გარკვეულ პროცესს, იმისთვის რომ ყოფილიყო ჩართულობა არაღიარებასთან ერთად და ყოფილიყო თანამშრომლობა ამ გაუცხოვებულ ტერიტორიებთან, მათ შორის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან. ეს სტრატეგია არ ამუშავდა, რადგან ჩვენი მხრიდან ჩართულობა არ გამოდის. რუსეთი დაინტერესებულია იმაში, რომ ჩაკეტილი იყოს ეს სიტუაცია", - აღნიშნა ექსპერტმა.
ხუციშვილის მტკიცებით, უშედეგოდ მიმდინარეობს ჟენევის მოლაპარაკებებიც.
"ამ მოლაპარაკებების დროს ხდება იგნორირება იმ მხარისა, რომელსაც წარმოადგენენ აფხაზები და ოსები. ჩვენი მხრიდანაც არის ისეთი დამოკიდებულება, რომ ჩვენ პრობლემა გვაქვს მოსკოვთან და აფხაზები და ოსებს ვეუბნებით, რომ თქვენ ხართ მოსკოვის ნაწილიო და რა აზრი აქვს პირდაპირ თქვენ გელაპარაკათო. აფხაზები და ოსები რა თქმა უნდა, დამოკიდებულები არიან მოსკოვზე, მაგრამ ისინი ამავე დროს ელოდებიან მათ მიმართ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. ჩვენს მხარეს აქვს ერთი ლოგიკური არგუმენტი თავისი პოზიციის გასამაგრებლად, რომ თუ ქართული მხარე მათ მხარედ ჩავთვლით ეს აღიარებისკენ ხომ არ იქნება ნაბიჯი. ეს არგუმენტი ბათილდება იმით, რომ მოლაპარაკების დროს მხარის აღიარება არ ნიშნავს სტატუსის აღიარებას. სტატუსის აღიარება სულ სხვა რაღაცაა. ამის აღრევა არ უნდა ხდებოდეს. ამიტომაც, ჟენევის მოლაპარაკება მიდის უშედეგოდ", - განაცხადა გოგი ხუციშვილმა.