იულია ტიმოშენკოს ქალიშვილმა ევგენიამ შესაძლოა საზღვარგარეთის ერთ-ერთ ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს იმ შემთხვევაში თუ ზეწოლა მასა და მის ოჯახზე გაგრძელდება. განცხადება ამის შესახებ ხარკოვში დღეს ექს-პრემიერ ტიმოშენკოს ადვოკატმა სერგეი ვლასენკომ გააკეთა.
"იმ შემთხვევაში თუ ზეწოლა გაძლიერდება და ხელისუფლება არ შეწყვეტს იულია ტიმოშენკოსა და მისი ქალიშვილის დევნას, ჩვენ ამგვარ გადაწყვეტილებას მივიღებთ", _ განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიტიკური თავშესაფარი ჩეხეთში იულია ტიმოშენკოს მეუღლემ ალექსანდრემ მოითხოვა და უკვე მიიღო კიდეც. განცხადება იმის შესახებ, რომ ალექსანდრე ტიმოშენკოს პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა გააკეთა.
"რამდენადაც მე ვიცი ამ ბატონმა (ალექსანდრე ტიმოშენკომ) ჩეხეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და მგონი, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვტილება უკვე მიღებულია და ის აქ, ჩეხეთში დარჩება", _ განაცხადა მინისტრმა.