აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირება ბოლო 20 წლის განმავლობაში პიკს აღწევს, პენტაგონი ირანის მუქარას იმის შესახებ, რომ "იგი ორჯერ არავის გაფრთხილებას არ აპირებს" პასუხობს და აცხადებს, რომ ორმუზის სრუტეში თავისი ავიამზიდი დაჯგუფებების გაგზავნას გააგრძელებს.
"ამერიკული სამხედრო ძალებისა და საშუალებების განთავსება სპარსეთის ყურის რეგიონში გაგრძელდება ისე, როგორც ეს ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა", _ აცხადებს პენტაგონის წარმომადგენელი ჯორჯ ლიტლი.
შეგახსენებთ, რომ ირანმა ამერიკული ავიამზიდის "ჯონ სტენისის" ხელმძღვანელობა გააფრთხილა, რომ მან სპარსეთის ყურეში დაბრუნება არ გაბედოს. ეს განცხადება ირანის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აიატოლა სალეხმა გააკეთა. მისი თქმით, თეირანი "ნებისმიერი საფრთხის უკუგდებისათვის" მზადაა.
"ირანი ორჯერ არავის გაფრთხილებას არ აპირებს. მე არ ვურჩევ ამერიკულ ავიამზიდს სპერსეთის ყურეში დაბრუნებას", _ განაცხადა სარდალმა და აღნიშნა, რომ "ირანი ნებისმიერი საფრთხის უკუგდებისათვის მზადაა და ამისათვის ყველა საჭირო საშუალება გააჩნია".