კინოთეატრ ამირანში მერაბ კოკოჩაშვილის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ღვინის აკვანი" პრემიერა გაიმართა. როგორც ფილმის რეჟისორმა და სცენარისტმა მერაბ კოკოჩაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" აღნიშნა სურათზე ერთი წელი მუშაობდა. შერჩეული მსახიობები კი სამშობლოს დიდი სიყვარულის გამო აარჩია.
"მსახიობები მთხრობელები არიან, ისინი გვიყვებიან ამბავს. ისინი არიან ადამიანები ვინც უყვარს საქართველოს და ვისაც უყვართ საქართველო. რაც შეეხება, ფილმს მე შემიძლია გითხრათ რომ ღვინის გარეშე საქართველო არ არსებობს, ასევე, ყველაზე უძველესი ნიმუშები თუ სად შეიძლება ღვინო გაჩენილიყო და გაეკეთებინა ადამიანს - საქართველოა, მესამე შემიძლია გითხრათ, რომ რისგანაც ღვინო კეთდება, უძველესი ველური ღვინის წიპწეპი საქართველოშია. ჩვენი რელიგია, სიმღერა , კულტურა ეკონომიკა და სადღეგრძელო ღვინის გარეშე არ არსებობს", - აღნიშნა კოკოჩაშვილმა.
ფილმში მთავარ როლს ჯემალ ბაღაშვილი თამაშობს, მასთან ერთად გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, ვანიკო მაჭავარიანი, ვახტანგ ცხადაძე და სხვები ღვინის ტრადიციაზე საუბრობენ.
"ეს იყო შესანიშნავი პერიოდი ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ისეთმა დიდმა რეჟისორმა და პიროვნებამ, როგორიც მერაბია პატივი დამდო და მიმწივია ამ შესანიშნავ ფილმში, რომელიც ყველა ქართველისთვის გულზე მოსახვედია. ერთი შეხედვით ყველაფერი ვიცით ვაზზე, ღვინოზე მაგრამ აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი რამ არ გვცოდნია. ძალიან შორს მიდის ამ კულტურის ფესვები, ძირძველია და ამ ტრადიციით უნდა ვიამაყოთ", - განაცხადა ჯემალ ბაღაშვილმა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" დანარჩენმა სხვა მსახიობებმა აღნიშნეს ფილმის თემატიკიდან გამომდინარე, გადაღება მხიარულად მიმდინარეობდა.
"მერაბი რასაც გვეტყოდა იმას ვაკეთებდით, ძალიან სასიამოვნო გადაღებები გვქონდა, იმიტომ რომ ჩემ მეგობრებთან ერთად ვმუშაობდი და თან სულ ვქეიფობდით. ფილმი სმა-ქეიფში გადავიღეთ და იმ ტრადიციებზე ვისაუბრეთ, რომელიც ვაზსა და ღვინოს შეეხება", - აღნიშნა კახი კავსაძემ.
"მე ისეთი დიდი როლი არ მაქვს, მაგრამ იმ ჯგუფთან ერთად, რომლებიც ამ ფილმში იყო ჩართული მათთან ყოფნა ჩემთვის ბედნიერების მომნიჭებელია. დიდ მხიარულებაში და დროსტარებაში ვმუშაობდით", - განაცხადა გივი ბერიკაშვილმა.
პროექტი ეროვნული კინოცენტრის 2010 წლის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კონკურსის გამარჯვებულია და სახელმწიფო სუბსიდიამ შეადგინა 75 000 ლარი. ფილმი შექმნილია ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.
ფილმი მოგვითხრობს, თუ რა წვლილი აქვს ამ ტრადიციის დამკვიდრებაში ქართულ მიწას, ქართველთა წინაპრებს და თავად ქართველებს.