"ზოგი ევროპელი დეპუტატი გარკვეული წრეების ხელში ინსტრუმენტი ხდება",_ აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ელმან აბდულაევი საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის კომენტირებისას, რომელიც სომხების გენოციდის უარყოფის კრიმინალიზაციას ითვალისწინებს.
"თუკი საფრანგეთს ასეთი პრინციპული მიდგომა აქვს ამგვარი საკითხების მიმართ, მაშინ მან, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანამ, ასევე უნდა განიხილოს საკითხი ჰოჯალის გენოციდის შესახებ", _ აცხადებს აბდულაევი. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 1992 წლის 25-26 თებერვალს სომხურმა ფორმირებებმა 366-ე რუსული პოლკის დახმარებით, რომელიც ჰანკენდში იყო განლაგებული, განსაკუთრებული სისასტიკით განახორციელეს ქალაქ ჰოჯალის შვიდიათასიანი მოსახლეობის გენოციდი. მშვიდობიან მოქალაქეებზე განხორციელებული სისხლიანი გარჩევის შედეგად მოკლულია 613 ადამიანი, 1000 ადამიანი მიღებული ცეცხლსასროლი ჭრილობებისგან დაინვალიდდა. მოკლეს 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი. მთლიანად ამოწყდა 8 ოჯახი, 25-მა ბავშვმა გაკარგა ორივე მშობელი, 130-მა ერთი. ტრაგედიის ღამეს ტყვედ ჩავარდა 1275 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 150-ის შესახებ ამ დრომდე ცნობილი არაფერია.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაციონალურმა საკრებულომ ანუ საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ სრულად მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სომხების გენოციდის უაყოფის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებლობას ითვალისწინებს.
კანონპროექტი იმ პირთა მიმართ, რომლებიც სომხების გენოციდს არ აღიარებენ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ან 45 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. ქვედა პალატაში მხარდაჭერის შემდეგ ეს კანონპროექტი დასამტკიცებლად საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატაში - სენატში უნდა შევიდეს. კანონპროექტის ავტორი ვალერი ბუაიეა.
აღსანიშნავია, რომ თურქეთმა საფრანგეთიდან ელჩი გაიწვია.