გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით, საქართველოში “ღორის აფრიკული ცხელების კონტროლის პროგრამა” ხორციელდება.
როგორც “ჯი-ეიჩ-ენს” სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურში განუმარტეს, პროგრამის ფარგლებში, შინაური და გარეული ღორების აფრიკული ცხელების ვირუსმატარებლობაზე შესაბამისი გამოკვლევა მიმდინარეობს. გარდა ამისა, პროგრამა, ადგილობრივი ვეტსამსახურებისთვის მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებასა და ვეტსპეციალისტების თრენინგებს ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 2006 წელს საქართველოს რიგ რაიონებში ღორის აფრიკული ცხელების მწვავე გამოვლინებებს ჰქონდა ადგილი. დაავადების კერებში სადეზინფექციო და საკარანტინო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, მდგომარეობა დასტაბილურდა.
ამჟამად, ვეტსპეციალისტების მიერ, მოსახლეობის კუთვნილებაში მყოფი ცხოველების (ღორების) ჯანმრთელობის მონიტორინგი ხორციელდება. აღნიშნული დაავადების ვირუსის შესაძლო ცირკულირების პროფილაქტიკის მიზნით, სერომონიტორინგის ჩატარება გარეული ღორებშიც იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები