24-25 დეკემბერს ბათუმის განახლებულ ხელოვნების ცენტრში ერთი წლის შემდეგ ქართველი მაყურებელი მინდია ხითარიშვილის როკ-ოპერის „თავფარავნელის ბალადა" იხილავს.
სპექტაკლის პრემიერა ზუსტად ერთი წლის წინ ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შედგა.
პროექტის იდეის ავტორია ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის ხელმძღვანელი თენგიზ შამილაძე, რომელმაც შესთავაზა კომპოზიტორ მინდია ხითარიშვილს თამაზ ჭილაძის პიესის „თავფარავნელი ჭაბუკის" მიხედვით დაეწერა როკ-ოპერა. პროექტზე მუშაობა ერთ წელზე მეტი გაგრძელდა. როკ-ოპერისთვის ლიბრეტო პოეტმა და მრავალი სიმღერის ტექსტის ავტორმა ირმა გურიელმა დაწერა. სპექტაკლის რეჟისორია გიორგი თავაძე. ხოლო მხატვრები გალაქტიონ გოგიბერიძე და ლუკა ბესელია.
ორიგინალური მუსიკა, მკვეთრი განსხვავება ლიბრეტოსა და ლიტერატურულ პირველწყაროს შორის, რადიკალურად განსხვავებული მხატვრული სახეები და ფინალი-ეს არის ახალი ქართული როკ-ოპერის მთავარი ინტრიგა.
სპექტაკლში ოცამდე სოლისტი და ორმოცამდე გუნდის მომღერალი მონაწილეობს. სპექტაკლი ვოკალურად ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის მთავარმა ქორმესიტერმა მამანა ჩაუშბამ მოამზადა. გაორკესტრება კი თავად კომპოზიტორს მინდია ხითარიშვილს ეკუთვნის. ორკესტრის სოლისტებია ედიშერ ლომაძე (გიტარა), ზურა ბაღდადიშვილი (დოლი და ტამტამები), გიორგი მალაყმაძე (დუდუკი). მთავარ პარტიებს ასრულებენ: თეა გელოვანი (ნანო), რამაზ ვარშანიძე (თავფარავნელი), პაატა აბესლამიძე (მტავარი), პაატა ფაცია (მთქმელი, მასხარა), ირაკლი გვარჯალაძე (სიკა), მარიანა ჩაუშბა (იმედი), ლაშა მოისწრაფიშვილი (ბახუტა), ირაკლი გოგიტიძე, გივი გიგინეიშვილი (სიმართლე).
მინდია ხითარიშვილის როკ-ოპერაში „თავფარავნელის ბალადა" მოქმედება ხდება ზღაპრულ კუნძულ აშკარეთზე. კუნძული ბროლისაა და მასზე ბროლისავე სასახლე დგას. აქ დრო გაყინულია. არ არსებობს წელიწადის დრონი. ხალხი არ იცვლება. ბავშვები არ იზრდებიან. კუნძულის მკვიდრნი ჩუმად ღმერთს ევედრებიან, რომ ეს კუნძულიც სხვების მსგავსად დაატრიალოს, გააცოცხლოს, რათა მოესწრონ შვილების გაზრდასა და დავაჟკაცებას.
აშკარეთის მთავარს, სასტიკად აკრძალული აქვს ამ საკითხზე ხმის ამოღება, რადგან გაგონილი ამბის ეშინია-თავფარავნიდან ზღვას დოლაბით გადმოსცურავს თავფარავნელი ჭაბუკი, დოლაბივით დაატრიალებს კუნძულ აშკარეთს, ბროლის კოშკი დაიმსხვრევა, გაცოცხლდება წელიწადის დრონი და კუნძულ აშკარეთზე კვლავინდებურად სიციცხლე დაისადგურებსო. ზღვის გადმოცურვა კი ვერავის შეუძლია, მაგრამ ვერაფერს უხერხებს მტავარი მის ძმის შვილს, რომელიც ყოველ დღე სიზმრად ხედავს თავფარავნელ წაბუკს. იგი სიზმარზში ნანოს დოლაბით ზღვის გადმოცურვას ჰპირდება. თავფარავნელი მართლაც გამოჩნდება, რომელიც გადმოცურავს ზღვას. იგი სიყვარულმა გადაარჩინა. წაბუკი დაატრიალებს კუნძულს, აშკარეთი დოლაბივით იწყებს ტრიალს, ინგრევა ბროლის კოშკი, კუნძული ცოცხლდება, აშკარეთში უკვე გაზაფხულია. ზეიმობს სიცოცხლე და სიყვარული. როკ ოპერის ფინალში ჟღერს უფლის სადიდებელი ჰიმნი სიკეთესა და სიყვარულზე.