სს "ბანკი ქართუს" ხელმძღვანელობის განცხადებას ავრცელებს. "ჯი-ეიჩ-ენი" განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
"საქართველოს საბანკო სისტემის ერთ-ერთი წამყვანი კომერციული ბანკის ირგვლივ შექმნილი უაღრესად შემაშფოთებელი სიტუაცია სს "ბანკი ქართუს" ხელმძღვანელობას იძულებულს ხდის განაცხადოს. გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა უპრეცედენტო სადამსჯელო ოპერაცია, როდესაც ორი-სამი დღის განმავლობაში ოთხ ბიზნეს-ჯგუფს (14 იურიდიული და ფიზიკური პირი) 100 მლნ ლარის ღირებულების ქონება დაუყადაღა; ამით ფაქტობრივად არაუზრუნველყოფილი დატოვა სს "ბანკი ქართუს" 70 მლნ ლარის საერთო მოცულობის საკრედიტო ვალდებულებები, რაც ბანკის საერთო საკრედიტო პორტფელის თითქმის 20 პროცენტია.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ იმ კომპანიების ქონებებზე, რომლებზეც საგადასახადო ორგანოს არ შეეძლო ძველი რიცხვით (სს "ბანკი ქართუს" პირველადი იპოთეკის რეგისტრაციამდე) "აღმოეჩინა" საგადასახადო დავალიანება (მაგ. კომპანია ახალი დაფუძნებულია), გასულ დღეებში დაჩქარებული წესით განხორციელდა ხსენებული კომპანიების ქონებების განვადებით გასხვისება ისეთ კომპანიებზე, რომლებსაც შემდგომში "აღმოუჩინეს" ან გააჩნდათ საგადასახადო დავალიანება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნასყიდობის ფასი არც ერთი ასეთი ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი არ არის და ის მყიდველმა უნდა გადაიხადოს მომავალში (მაგ. ერთი წლის შემდეგ). ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებები თვალთმაქცურია და ისინი დაიდო მხოლოდ სს "ბანკი ქართუს" განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური ზარალის მიყენების მიზნით. ფაქტია ის გარემოებაც, რომ ხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა ბიზნეს-ჯგუფებში შემავალ კომპანიებს შორის.
ასევე ჩვენთვის ცნობილია, რომ გასულ კვირას ბანკის უმსხვილესი მსესხებელი ბიზნეს-ჯგუფის აქციონერმა მიაღწია შეთანხმებას ერთ-ერთ პირთან 2012 წლის მარტიდან იმ ქონების მიქირავებაზე, რომელიც მან მოლაპარაკებამდე გაასხვისა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და რომლის რეალიზაციაც უახლოეს დღეებში დაგეგმილია საჯარო აუქციონზე სახელმწიფოს სასარგებლოდ. აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხსენებულ აქციონერს "ჩამორთმეული" ქონების უპირობო დაბრუნების იმედი აქვს.
სამწუხაროდ, რეალობად იქცა ჩვენი საფუძვლიანი ეჭვები, რომ "სააღსრულებო წარმოების შესახებ" კანონსა და "საგადასახადო კოდექსში" ბოლო პერიოდში შეტანილი ცვლილებები, რომლებზედაც არც საქართველოს ეროვნულ ბანკს, არც საბანკო სისტემის რომელიმე სუბიექტს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველოში მოქმედ არც ერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს არანაირი რეაქცია არ ჰქონია, გამოყენებული იქნებოდა სს "ბანკი ქართუს" წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ანგარიშსწორებისთვის.
ბანკის ინკასაციის მანქანის დაყაჩაღებამ და დიდი ოდენობით თანხის კონფისკაციამ, კლიენტებზე ფართომასშტაბიანმა ზემოქმედებამ, რამაც ბანკიდან 45 მლნ ლარის გადინება გამოიწვია, საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ბანკის ადმინისტრაციაზე პირდაპირმა და პერმანენტულმა ზეწოლამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო; ამიტომაც ხელისუფლება გადავიდა აშკარა ეკონომიკურ ტერორზე, რათა ფინანსურად ყველაზე უზრუნველყოფილ ბანკს იძულებით დაარღვევინოს საზედამხედველო ნორმატივები და დაუნიშნოს, ხელისუფლებისთვის ასე სასურველი, დროებითი ადმინისტრაცია.
ბანკი აფრთხილებს შესაძლო მყიდველებს, არ მიიღონ მონაწილეობა ისეთი სახის აუქციონებში, სადაც სს „ბანკი ქართუს" პირველი რიგის იპოთეკის მიუხედავად ხორციელდება ბანკის მსესხებლების ქონებების გასხვისება საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად და უნებლიეთ არ გახდნენ ხელისუფლების უსამართლო ქმედებების თანამონაწილე.
სს "ბანკი ქართუს" ხელმძღვანელობა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ბანკის მიმართ სადამსჯელო ოპერაციების განხორციელება და საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად მოგვცეს საშუალება, კეთილსინდისიერად ვემსახუროთ ქვეყნის ეკონომიკასა და ქართველ საზოგადოებას.
მივმართავთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საბანკო დაწესებულებებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლობებს საქართველოში - ახლა მაინც, როდესაც დღესავით ნათელი გახდა სს "ბანკ ქართუს" წინააღმდეგ მიმართული და პოლიტიკურად მოტივირებული სახელისუფლებო ტერორი, ხმა აიმაღლონ უკანონობისა და უსამართლობის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.