მოსკოვში უცნობმა პირებმა ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის მამის აჰმად კადიროვის ძეგლი შეურაცხყვეს. მონუმენტზე, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ რაიონშია განლაგებული ღორის თავები დაალაგეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამით ვანდალებმა მუსულმანები შეურაცხყვეს, ვინაიდან ღორი მათი რწმენით, უწმინდურ ცხოველად ითვლება.
"ინციდენტი, რუსეთის დუმის არჩევნების დღეს მოხდა, დილის 05:30 საათზე უცნობი პირები აჰმად კადიროვის ძეგლთან მივიდნენ, პაკეტიდან ორი ღორის თავი ამოიღეს და ძეგლზე დაალაგეს. ფაქტზე "ხულიგნობის" მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული", _ წერს რუსული მედია სამართალდამცავებზე დაყრდნობით. მათივე ინფორმაცით, ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ღორის თავები აიღეს და ახლომდებარე ვიდეოკამერების ჩანაწერ შეისწავლეს.
შეგახსნებთ, რომ აჰმად კადიროვი ჩეჩნეთის ახლანდელი მეთაურის რამზან კადიროვის მამა და ჩეჩნეთის პრეზიდენტი იყო. თავდაპირველად იგი ჩეჩენ მებრძოლებს უჭერდა მხარს, თუმცა მოგვიანებით ფედერალური ძალების მხარეს გადავიდა. მებრძოლებმა კადიროვს მოღალატე უწოდეს და 2004 წელს აღლუმზე ტერაქტი მოუწყვეს. აფეთქების შედეგად აჰმად კადიროვი დაიღუპა. ამ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ცნობილმა ჩეჩენმა ბოევიკმა შამილ ბასაევმა აიღო. თავად ბასაევი კი ორი წლის შემდეგ 2006 წელს ივლისში მოკლეს.