23 ნოემბერს, 14:00 საათზე, ქართული საინიციატივო ჯგუფისა და რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის პარტნიორული შეთანხმების შედეგად გადაწყდა რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრის დაარსება საქართველოში. ეს იქნება პირველი ცენტრი აშშ-ს გარეთ, რომელსაც ოფიციალურად მიენიჭა პრეზიდენტ რეიგანის სახელი და რომელიც იფუნქციონირებს როგორც რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის ოფიციალური პარტნიორი.
ცენტრის გახსნას რეიგანის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ჰოიბუსი, ფონდის მთავარი კონსულტანტი ლინდა ბონდი და ამერიკელი კონრესმენები, დევიდ დრეიერი, ედ ვიტფილდი და დონალდ პეინი დაესწრებიან.
„რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრი იქმნება როგორც არასამეწარმეო, არაკომერციული და პოლიტიკურად ნეიტრალური ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფლების, დემოკრატიის, ეფექტური მთავრობისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების გატარებას ცხოვრებაში. ხელმძღვანელობს რა მტკიცე რწმენით, რომ ჭეშმარტიტად პრაგმატულია მხოლოდ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა მიმართული თავისუფლებისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ, სამოქალაქო განათლებითი საქმიანობისა და სამოქალაქო საზოგადოების საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში ჩართვის საშუალებით ცენტრი ხელს შეუწყობს ისეთი თანმიმდევრული პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მოახდენს დემოკრატიული განვითარების სტიმულაციასა და უსაფრთხოების განმტკიცებას, მხარს დაუჭერს როგორც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების შემდგომ გამყარებას, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს", - აცხადებენ ცენტრის შემქმნელები.