დღეს, 21 ნოემბერს, 12:45 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა ხსოვნის მსოფლიო დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებაზე ავტოსაგზაო შემთხვევებში დაზარალებულ პირებზე მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრეზენტაცია გაიმართება, შემდეგ კი ავტოავარიაში დაშავებულ რამდენიმე ადამიანს საინვალიდო ეტლები გადაეცემათ.
ღონისძიება მოძრაობის თეატრის მიერ საგზაო უსაფრთხოების თემატიკაზე შექმნილი მცირე თეატრალიზებული წარმოდგენით დაიწყება, მანამდე კი მოძრაობის თეატრი თეატრალიზებულ მსვლელობას შუქნიშნებთან მოაწყობს.
ღონისძიება ტარდება საგზაო უსაფრთხოების სოციალური კამპანიის „საჭესთან ფხიზლად!" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის", ხოლო კამპანიის გენერალური სპონსორია - კომპანია „ნატახტარი", დონორები - სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგი", „ტოიოტა კავკასია" და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.
ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა ხსოვნის მსოფლიო დღეს მხარდაჭერა გამოუცხადა სარესტორნო ქსელმა "GMC Group"-მა: სარესტორნო ქსელ GMC Group-ის რესტორან „შემოიხედე გენაცვალეში" (მარჯანიშვილის, ლესელიძისა და პუშკინის ფილიალებში) ყველა მომსახურე პერსონალი ჩაიცვამს სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილ მაისურებს.
ღონისძიებაზე მოწვეული არიან იმ სამინისტროებისა და ადგილობრივი კომპანიების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით საგზაო უსაფრთხოების პოპულარიზაციას უწყობენ ხელს.
ყოველწლიურად მსოფლიო გზებზე 1,3 მილიონი ადამიანი იღუპება, 50 მილიონამდე ადამიანი კი იღებს მძიმე ტრავმას ან ინვალიდდება, ხოლო 15-44 წლამდე ადამიანებში სიკვდილიანობის და საგზაო მოძრაობის ტრავმების მიხედვით დღესაც ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ამ ავტოკატასტროფების 93% მთლიანად ან ნაწილობრივ მძღოლის შეცდომის, ინტოქსიკაციისა და სხვა ადამიანური ფაქტორების ბრალია. სწორედ ამიტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და გაეროს 2005 წლის რეზოლუციის თანახმად ნოემბრის ყოველ მესამე კვირას, მსოფლიო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.