სს „ბანკი ქართუ" მორიგ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი „ქართუ ბანკზე" ზეწოლას აგრძელებს და აღრმავებს პოლიტიკიკურად მოტივირებულ ზეწოლას ბანკზე.
„სს „ბანკი ქართუს" ხელმძღვანელობა უფლებამოსილია განაცხადოს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს და აღრმავებს პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას ბანკზე, რაც კიდევ ერთხელ აშკარად დააფიქსირა ბატონმა გიორგი ქადაგიძემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, რომელსაც წითელ ხაზად გასდევდა მისთვის განსხვავებული აზრის კატეგორიული მიუღებლობა მიუხედავად ამ აზრის კანონიერებისა და სამართლიანობისა. ნამდვილად გაგვიჭირდება დავასახელოთ პრეცედენტი თანამედროვე მსოფლიო ისტორიიდან, როდესაც საყოველთაო აზრით, თანამედროვეობის უდიდეს ქველმოქმედს ართმევენ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელიც სწორედაც რომ სახელმწიფოსა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის ჯილდოს სახით მიენიჭა; მეორე მხრივ, ვერავინ დაგვისახელებს კანონს ან სხვა რაიმე ნორმატიულ აქტს, რომელიც კრძალავს სამართლიანობის აღდგენისათვის და არა რომელიმე „პოლიტიკური დაჯგუფების მხარდასაჭერად" დაწყებული ამ აქციის პიროვნულ თუ კორპორატიულ თანადგომას", -აღნიშნულია განცხადებაში.
„ბანკი ქართუ" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ კომერციული ბანკი აღნიშნულ ხელმოწერებს არ აგროვებს.
„თუმცა ამის კანონიერი უფლება ჩვენც გაგვაჩნია, უფრო მეტიც ჩვენი თანამშრომლები აბსოლუტურად თავისუფალნი არიან საკუთარი ნების გამოხატვაში. არ არსებობს არავითარი კანონიერი შეზღუდვა ბანკირებისათვის, როგორც საზოგადოების ნებისმიერი სხვა წევრისათვის, გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მისამართით, მით უფრო თუ ეს უკანასკნელი მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით უდიერად მოიხსენიებს და დანაშაულად აკვალიფიცირებს ჩვეულებრივ საბანკო ოპერაციას. ბოდიშის მოხდით შევახსენებთ საზოგადოებას და თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ბანკირებს, ისევე როგორც ქვეყნის სხვა მოქალაქეებს, აქვთ სრული უფლება, გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური სიმპათიები, უფრო მეტიც _ მოქმედი კანომდებლობის ფარგლებში პიროვნულად თუ კორპორატიულად დააფინანსონ კიდეც ოპოზიციური პარტიები. ასეთი უფლებები იზღუდება და ასეთი ფიზიკური თუ იურიდიული პირები იდევნებიან მხოლოდ ბოლშევიკური ტიპის დიქტატორულ სახელმწიფოებში. ვფიქრობთ, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაკორექტულია 90-იანი წლების უდიერად მოხსენიებაც. გვინდა შევახსენოთ ბატონ გიორგის, რომ სწორედ ამ წლებში ახდა ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ოცნება და ჩვენი ქვეყანა გახდა დამოუკიდებელი, ამავე წლებში ჩაეყარა საფუძველი თანამედროვე საბანკო სისტემას საქართველოში და თავად საქართველოს ეროვნული ბანკიც სწორედ 90-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა, ხოლო 1995 წელს ჩატარდა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფულადი რეფორმა და ქართულმა სახელმწიფომ მიიღო სრულყოფილი ფულადი ერთეული - ლარი", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „ბანკი ქართუ" უარყოფს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და აცხადებს: „რაც შეეხება ჩვენი მხრიდან არასწორი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, კომერციული საიდუმლოების გამჟღავნებისა თუ ადგილზე შემოწმების გაჭიანურების ბრალდებებს, ვფიქრობთ, უმჯობესი იქნებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კონკრეტული ფაქტებით ესაუბრა".