ლევან ვარშალომიძე მთავრობის წევრებთან ერთად ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო.
ტურისტულ ზონაში ქუჩების რეაბილიტაცია, ტროტუარების მოპირკეთება, წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება ერთდროულად მიმდინარეობს.
"აჭარის მთავრობამ მომავალი წელი ქობულეთის წლად გამოაცხადა. მინდა ადგილობრივებს ვუთხრა: 2012 წლის ზაფხულში ყველა პირობა ექნებათ იმისათვის, რომ გაცილებით ბევრი ტურისტი მიიღონ. სრულად შეიცვლება ზღვისპირა ზოლი, გამაგრდება ჯებირები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აღმაშენებლის, რუსთაველისა და თამარ მეფის გამზირებს. ასე, რომ ყველანი ერთად დავუბრუნებთ ქობულეთს ძველ ტურისტულ ხიბლს", - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან ქობულეთის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 5 მილიონი ლარი გამოიყო. ქუჩების რეაბილიტაცია და კანალიზაციის სისტემების შეცვლა წლის ბოლომდე იგეგმება. მასშტაბური სამუშაობი კი აქ მომავლი წლის 5 მაისს დასრულდება.