უკრაინის პრემიერ-მინისტრის სერგეი ტიგიპკოს განცხადებით, ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უკრაინაში ზოგიერთი საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებაში.
როგორც ტიგიპკომ განაცხადა, საქართველოში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა რაც მთავრობის და პრეზიდენტის უშუალო ძალისხმევით მოხდა. უკრაინის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ჩამოყალიბდა საინტერესო ბიზნეს კლიმატი ქვეყანაში და ასევე ბევრი რამ გაკეთდა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ, რაც ასე მნიშვნელოვანია პოსტ საბჭოთა ქვეყნებისთვის და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის.
"პატივი უნდა ვცეთ იმ რეფორმებს, რომელიც ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ძალისხმევით ჩამოყალიბდა. ყოველთვის რთულია ისეთ პრობლემებთან ბრძოლა როგორიც კორუფციაა, რადგანაც საკმაოდ ღარიბი მოსახლეობაა და ეს რთულ ძალისხმევას მოითხოვს" - განაცხადა სერგეი ტიგიპკომ.
მან ასევე აღნიშნა რომ ქართულმა მხარემ დიდი დახმარება გაუწია უკრაინას სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებაში. ტიგიპკომ დღესვე მადლობა გადაუხადა კახა ბენდუქიძეს იმ გაწეული დახმარებისთვის და კონსულტაციებისთვის, რომელიც ბენდუქიძემ უკრაინულ მხარეს გაკოტრების შესახებ კანონპროექტთან მიმართებაში გაუწია. როგორც ტიგიპკომ განმარტა გაკოტრების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია და მისი თქმით, ის აუცილებლად მიღებული იქნება.
ტიგიპკომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა საბაჟო რეფორმებში ქართველი სპეციალისტების წვლილზეც.