ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მზად არის პარლამენტის ნებისმიერ წევრს ან ფრაქციას ესაუბროს ქართუ "ბანკში" მიმდინარე პროცესებზე. ეს განცხადება გიორგი ქადაგიძემ პარლამენტში ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.
"სამწუხაროდ, მე, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვერ გავაკეთებ იმაზე მეტ განცხადებას ვიდრე გავაკეთე გუშინ. ჩვენთვის მიუღებელია საბანკო სექტორის პოლიტიზირება. ის, რომ საბანკო სექტორი დღეს ყველაზე წარმატებული სექტორია ეკონომიკის, იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ავაშენოთ ჩინეთის კედელი საბანკო სექტორსა და მის პოლიტიზირებას შორის", - აღნიშნა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, ბანკ "ქართუს" პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა არ უნდა მოხდეს, მაგრამ "სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ შემხვედრ ნაბიჯებს".
ქადაგიძის განმარტებით, ეროვნული ბანკი, თავისი შინაარსით აპოლიტიკური ორგანიზაციაა, მეორე მხრივ, ბანკი "ქართუ" ასევე თავის შინაარსითა და კანონით, ყოვლად აპოლიტიკური ფინანსური ინსტიტუტია, მაგრამ არის მცდელობა, რომ იმ სიბრტყეში გადავიდნენ, სადაც დეპუტატები საქმიანობენ და სადაც არაფერი ესაქმება არც ეროვნულ ბანკს და არც ბანკ "ქართუს".
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, მის განცხადებას ბანკ "ქართუს" განცხადება მოჰყვა იმის შესახებ, რომ "ქართუს" ფინანსური რესურსი არ ესაჭიროება.
"ბანკ "ქართუს" სტაბილურ ფუნქციონირებას არაფერი არ ემუქრება. თუმცა, თუ ფინანსური რესურსი ბანკ "ქართუს" არ ესაჭიროება, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი", - აღნიშნა ქადაგიძემ. მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ ნებისმიერ დეპუტატს ან ფრაქციას შეხვდეს და დეტალურად ისაუბროს ეროვნული ბანკმა რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება.
"ჩვენთვის საბანკო სისტემის პოლიტიზირება მიუღებელია, ეს არის გუშინდელი დღე და ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ! ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რომელიმე ფინანსური ინსტიტუტი 90-ინ წლებში დაბრუნდეს", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.