ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის~, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, დღეს პარლამენტში სამთავრობო საათის ნაცვლად ხელისუფლებამ უბადრუკი შოუ მოაწყო.
"ჯერ იყო და პრემიერი გილაური და მინისტრთა კაბინეტის ნახევარი წევრები გადამალეს და პარლამენტამდე არ მოუშვეს, ზოგი მივლინებაში გაუშვეს, ზოგს ვირუსი შეეყარა, ზოგის ბედი კი გაურკვეველია. მხოლოდ ფინანსთა მინისტრი "გაწირეს", რომელმაც ოპოზიციის მიერ დასმული შეკითხვების უმეტესობას პასუხი არ გასცა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან სხდომა მიჰყავდა პირველ ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს, რომელიც მსგავს შემთხვევებში მარტივად ახერხებს ვითომდა მთავრობის ვექილის საკმაოდ უმადური როლის შესრულებას პარლამენტის რეგლამენტის ხარჯზე", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისივე შეფასებით, მთავრობის ზოგიერთ წევრს უპასუხისმგებლობისა და თავხედობის ვირუსი აქვს შეყრილი და ამ უმძიმეს სენს ქართველი ხალხი ძალიან მალე უმკურნალებს.
გიორგი ცაგარეიშვილს აინტერესებს რატომ არ ესწრება სამთავრობო საათს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელთანაც შედგა შეთანხმება, რომ მთავრობის წევრები ფრაქციის მიერ გაგზავნილ ყველა შეკითხვას გასცემდნენ პასუხს.
"დავით ბაქრაძესთან ფრაქციის მიერ მიღწეული საჯარო შეთანხმება დღევანდელი სხდომის წამყვანმა მიხეილ მაჭავარიანმა დაარღვია, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი ცაგარეიშვილმა.