გავლენიან ფრანგ პოლიტიკოსსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ახალგორმა ბერლინის კედელი გაახსენა. ეს განცხადება ჟან-კლოდ მინიონმა საქართველოში ვიზიტის ბოლო დღეს შემაჯამებელი ინტერვიუს დროს გააკეთა.
ფრანგი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ როდესაც სოფელ ოძისში თბილისთან ახლოს საოკუპაციო ხაზი თავად ნახა, მას გაახსენდა ის წლები, როდესაც ჯარში სამსახურის დროს ეს პერიოდი ბერლინში გაატარა და ორ ნაწილად გაყოფილი ერთი გერმანული ქალაქი ნახა.
ჟან-კლოდ მინიონი მომავალი წლიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტს ოფიციალურად დაიკავებს. ფრანგი პოლიტიკოსი ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ქართულ-რუსული კონფლიტის მოგვარება იქნება.
"საქართველოში ჩემს ვიზიტს მე დადებითად ვაფასებ. საქართველო ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას ასრულებს. ჩვენ ადგილზე შევისწავლეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რომელთაც ამ დრომდე, მხოლოდ საბუთებისა და დოკუმენტების დონეზე ვეცნობოდით. ჩვენ ვიყავით ოძისში, ახალგორთან სადაც რუსეთის ჯარი დგას. საზღვარზე ყოფნისას გამახსენდა არც ისე დიდი ხნის ამბავი, როდესაც ბერლინში სამხედრო მოვალეობას ვასრულებდი. მაშინ ბერლინს კედელი ჰყოფდა, სადაც საგუშაგოებიც იყო. მაშინ ვიფიქრე, რომ მათ ევროპაში ვერასოდეს ვიხილავდი, მაგრამ დღეს მე ეს ახალგორთან ვნახე და ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა.
შევხვდით მაღალი რანგის პოლიტიკოსებს და ყველა ჩემს მიერ დასმულ კოთხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღეთ. ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობის პოსტისთვის ვთქვი, რომ ჩემი პრიორიტეტი ე.წ. გაყინული კონფლიქტების აღმოფხვრა იქნება. მიმაჩნია, რომ საქართველო-რუსეთს შორის არსებული სიტუაცია ზუსტად ასეთი კონფლიქტია", _ აცხადებს ჟან-კლოდ მინიონი.
მასალის გამოყენების პირობები