ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ მზადაა პირდაპირ ეთერში უპასუხოს ჟურნალისტების კითხვებს . ბიზნესმენის პრესსამდივნო კიდევ ერთხელ მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, გია ჭანტურიას - ღიად დაადასტუროს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა პირდაპირ ეთერში მოახდინოს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის ტრანსლირება და განცხადებაშივე მიუთითოს დანიშნული პრესკონფერენციის თარიღი და მისი ხანგრძლივობა. შეთანხმება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის პირველი სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში 2011 წლის 1 ნოემბერს 16:00 გაიმართებოდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელსა და ბიძინა ივანიშვილის პრესამდივნოს შორის 24 ოქტომბერს შედგა. მაშინვე მოხდა შეთანხმება, რომ დანიშნული პრესკონფერენციის დეტალებს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში დააზუსტებდა. ამ შეთანხმების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ სატელეფონო ზარით სთხოვა გია ჭანტურიას გაკეთებულიყო მათი მხრიდან ოფიციალური განცხადება, რაც დღემდე არ შესრულებულა და პრესსამდივნოს თხოვნას გია ჭანტურიას მხოლოდ სარკაზმით სავსე პასუხი მოჰყვა. ბიძინა ივანიშვილის პრესსამდვინო კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის მზაობას - შეხვდეს და უპასუხოს ჟურნალისტების კითხვებს და კიდევ ერთხელ მოითხოვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისგან განცხადების საფუძველზე მოახდინოს საკუთარი მაყურებლის ინფორმირება პრესკონფერენციის თარიღისა და მისი ხანგრძლივობის (30-40 წუთი) შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.