ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი ვალერი ლევინი გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ განუცხადა. ბესელის თქმით, ჯერჯერობით ლევინთან შეხვედრა არ შემდგარა.
„შესაბამისად უცნობია თუ რა პრეტენზიები ჰქონდათ მასთან სამართალდამცავებს", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ბესელიამ.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, მოგვიანებით საზოგადეოებისთვის დეტალურად გახდება ცნობილი თუ რის გამო დააკავეს სამართალდამცავებმა ვალერი ლევინი, რომელიც საქართველოში ტექნიკური მისიით ჩამოვიდა.
ლევინის გათავისუფლების ფაქტი ასევე დაადასტურა შსს-ს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოტა უტიაშვილმა, რომელმაც განმარტა, რომ ლევინი მხოლო შემოწმების მიზნით იყო დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი ვალერი ლევინი დააკავეს.
ივანიშვილის პრესსამდივნის განცხადებით, "დაკავებულია ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი. ვალერი ლევინს საქართველოში ის დოკუმენტაცია ჩამოჰქონდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა რუსეთის საკონსულოსგან ოფიციალურად გამოითხოვეს. პირადობის მოწმობა, რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა საგადასახადო ორგანოდან და საცხოვრებელი ადგილიდან ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს ბიზნესმენისთვის რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურისთვის სჭირდებოდათ".
ლივინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 16:30 საათისთვის დააკავეს.