„მის საქართველო" ჟანეტ ქერდიყოშვილი აღდგენილი ქართული პასპორტით ლონდონში „მის სამყაროზე"გაფრინდა. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" „იმიჯ-ცენტრის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მაცაცო გულუამ განუცხადა, ჟანეტი უკვე „მის მსოფლიოზე" წარდგენილ სხვა კონკურსანტებთან ერთად იმყოფება.
„ჟანეტი წარადგენს მის მსოფლიოზე ჩვენ ქვეყანას, მას აღუდგინეს ქართული პასპორტი და გუშინ გაფრინდა ლონდონში", - აღნიშნა გულუამ.
ჟანეტ ქერდიყოშვილი ლონდონში საკუთარ სამშობლოს 120 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ „მის საქართველო 2011" 19 წლის ჟანეტ ქერდიყოშვილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ის საქართველოს „მის მსოფლიოზე" წარადგენს. მთავარი პრიზი ბრილიანტის დიადემა ჟანეტ ქერდიყოშვილს 2010 წლის" მის საქართველომ" დეა არაყიშვილმა გადასცა.
საქართველოს ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულისთვის წელს 20 ლამაზმანი იბრძოდა. მათგან „პირველი მის საქართველოს" ტიტულის მფლობელი სალი ხომერიკი, ხოლო მეორე ნინო მასპინძელაშვილი გახდა.
კონკურსის შედეგად სულ თორმეტ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გოგონების გამოვლინდნენ. „მის საქართველოს" ცერემონია ბათუმში გაიმართა.