ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა დასავლეთ საქართველოს რეგიონების (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) მედია წარმომადგენლებთან 12-17 ოქტომბერს, შეხვედრები გამართეს.
შეხვედრებს საარჩევნო ადმინისტრაციის და ადგილობრივი მედია წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომისიის ინიციატივით ორგანიზებული შეხვედრების უმთავრესი მიზანი ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო თანამშრომლობის საკითხია.
ცესკოს წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს 2011-2015 წლის საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმის პროექტი გააცნეს. შეხვედრების მონაწილეებმა სტრატეგიული გეგმა მედიასთან თანამშრომლობის კუთხითაც განიხილეს; ისაუბრეს რეგიონებში ამომრჩეველთა სათანადოდ ინფორმირების საშუალებებზე, სიების ფორმირებასა და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
როგორც კომისიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საარჩევნო ადმინისტრაციასა და მედია საშუალებებს შორის ინფორმაციის მუდმივად გაცვლა ხელს შეუწყობს ამომრჩეველთა ინფორმირებას საარჩევნო საკითხებზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიზანია, მჭიდრო და პერმანენტული ურთიერთობები დაამყაროს რეგიონული მედიის წარმომადგენელებთან და მსგავსი ტიპის შეხვედრებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.
ცესკოს წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოში სულ 47 მედია საშუალების წარმომადგენლებს შეხვდნენ.