. მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ხელისუფლება მოძრაობა "სამართლიანი საქართველოს" წევრების, აგრეთვე მათი ნათესავების დევნისა და დაშინების პოლიტიკას განაგრძობს. სააკაშვილის რეჟიმის მსახურები უკანონო ქმედებებით ცდილობენ ზურაბ ნოღაიდელის თანაგუნდელების დატერორებას. ამ ტენდენციის კიდევ ერთ დადასტურებას წარმოადგენს კახეთის რეგიონში მომხდარი ორი ფაქტი, რომლითაც კიდევ ერთხელ წარმოჩინდება დღევანდელი ხელისუფლების ნამდვილი სახე", _ აღნიშნულია განცხადებაში.
გნცხადებაში ნათქვამია, რომ 26 დეკემბერს ლაგოდეხის რაიონის გამგებელი გია გოზალიშვილი დაემუქრა ლაგოდეხის კულტურის სახლის დირექტორს აკაკი მჭედლიშვილს (მისი ძმა გია გოზალიშვილი მოძრაობის ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია), რომ საქმეს "შეუკერავდა" და თანამდებობას დაატოვებინებდა. ვითარებაში გარკვევის მიზნით, გია და აკაკი მჭედლიშვილები ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს გურამ კაკალაშვილს შეხვდნენ, რომელიც შეეცადა დაერწმუნებინა ისინი, რომ გამგებლის მუქარა უსაფუძვლო იყო. მიუხედავად ამისა, იმავე საღამოს აკაკი მჭედლიშვილს სახლში კუდ-ის თანამშრომლები ეწვივნენ და ლაგოდეხის კულტურის სახლის დირექტორი "ხმაურის ატეხის" გამო დატუქსეს.
დაახლოებით ათი დღის წინ კი, კუდ-ის მაღალჩინოსანი გოგა იოსებიძე მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" კახეთის რეგიონის კოორდინატორს გიორგი რთველაძეს შეხვდა და მას, მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ, თანამშრომლობა შესთავაზა. ამასთან, კახეთსა და სამეგრელოში "პრობლემების შექმნით" დაემუქრა.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" გმობს ხელისუფლების უკანონო ქმედებებს და სააკაშვილის რეჟიმს აფრთხილებს, რომ ოპონენტების დევნის, დაშინების და ტერორის პოლიტიკა სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.