"საქართველოს გზა" პრაიმერში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პრაიმერის ინიციატორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თავად სალომე ზურაბიშვილმა მედიისთვის კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
როგორც "საქართველოს გზის" ოფისში "კონსერვატორების", "ხალხის პარტიისა" და "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერებსა და ზურაბიშვილს შორის გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ (რომელზედაც პრაიმერის ინიციატორებმა კოლეგა ოპოზიციონერს აღნიშნულის პროექტი წარუდგინეს) ჟურნალისტებს ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, პრაიმერთან დაკავშირებით ზურაბიშვილი საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის.
"მზად ვართ, მასთან კონსულტაციები გავაგრძელოთ", - განაცხადა ძიძიგურმა.
კობა დავითაშვილის განმარტებით კი, სალომე ზურაბიშვილი მათ ოთხი პუნქტიდან სამში ეთანხმება.
"ქალბატონი სალომე გვეთანხმება არჩევნებთან, ერთიანობასა და არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. რჩება ერთი პუნქტი - პრაიმერი, რომელზედაც კონსულტაციები გრძელდება და დარწუნებული ვარ, ეს პროექტი წარმატებით დასრულდება", - აცხადებს დავითაშვილი.