პარლამენტის წევრი ჯონდი ბაღათურია ამომრჩეველთა სიების გადამოწმებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის განაწილების პრინციპს აპროტესტებს. ამის შესახებ განცხადება ბაღათურიამ რიგგარეშე სესიაზე საარჩევნო კოდექსში ცვილებების შეტანის პროექტის განხილვისას გააკეთა.
რიგგარეშე სესია საარჩევნო კოდექსის მესამე მოსმენით მისაღებად იმართება, ვინაიდან პარასკევის რიგგარეშე სესიაზე აღნიშნული საკითხის განხილვა იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ რამდენიმე საკითხი შეუთანხმებელი იყო. შეუთანხმებელ საკითხებს შორის ძირითადი საარჩევნო სიების გადამოწმების საკითხია. როგორც დღეს სესიაზედაც გაცხადდა, იანვრიდან არჩენების დასრულებამდე თბილისში ახალი პირადობის მოწმობები აღარ გაიცემა და გარდა ამისა, გარკვეული რეზულტატის მქონე პოლიტიკურ ძალებს მიეცემათ სიების გადამოწმების საშუალება. თუმცა ბაქრაძე აღნიშნავს, რომ იგი გამოდის ინიციატივით, იანვარში პარლამენტში შეიქმნას ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმუშავებს.
როგორც ბაღათურია აღნიშნავს, ბიუჯეტიდან ამ საკითხისთვის გამოყოფილ 70 პროცენტს ნაციონალური მოძრაობა და ქრისტიან-დემოკრატები წაიღებენ, ხოლო დარჩენილის გადანაწილება ათზე მეტ პარტიას მოუწევს. იგი მიიჩნევს, რომ ეს არის უსამართლო პრინციპი და აცხადებს, რომ ამ პირობებში სიებს თავად ვერ გააკონტროლებენ.
ბაღათურიას პროტესტს ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე გამოეხმაურა და განუმარტა, რომ თანხის განაწილება მოხდება იმ პარტიებისათვის, ვინც დაფინანსებას იღებს ბიუჯეტიდან და იმავე პროპორციით, როგორც დაფინანსება ხდება.
"ამის გადამოწმება შეგეძლოთ და ასე ტყუილად განცხადების გაკეთებას აზრი არ აქვს. ეს არის ყველაზე კანონიერი პრინციპი და ვერაფერს შეცვლით", - განაცხადა ვეფხვაძემ, თუმცა იგი იმ ინიციატივითაც გამოვიდა, რომ სიების გადამოწმების პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს სახელისუფლებო პარტიამ.
"თქვენ ამბობთ, რომ სიებთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გაგაჩნიათ. ამიტომ ჯობს, სიები იმან შეამოწმოს, ვისაც პრეტენზია აქვს", - განაცხადა ვეფხვაძემ, თუმცა ბაქრაძისათვის მისი განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა.