პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩეველთა სიების გადამოწმების საშუალება მიეცემათ. ამის შესახებ განცხადება რიგგარეშე სესიაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარემ პავლე კუბლაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტის განხილვისას გააკეთა.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტს დღეს მესამე მოსმენით იხილავენ, თუმცა მანამდე მეორე მოსმენით იხილავენ იმ საკითხებს, რომლებიც ღიად იყო დარჩენილი. ასეთ საკითხებს შორის მთავარ პრობლემად ითვლება ამომრჩეველთა სიების გადამოწმების მექანიზმის შემუშავება.
როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება საშუალება, სიების გადამოწმებაში მიიღოს მონაწილეობა. მისი თქმით, ეს ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა რა თანხაზე იქნება საუბარი, ამის შესახებ განმარტება არ კეთდება. კუბლაშვილის განცხადებით, კანონპროექტში ჩაიწერება, რომ იმ პოლიტიკურ ძალებს, ვისაც საარჩევნო კომისიებში ჰყავთ წარმომადგენლები, საშუალება ექნებათ, სიების გადამოწმებაში მიიღონ მონაწილეობა და კანონშივე იქნება ჩაწერილი, რომ მუშაობის შედეგები ცესკოს 30 მარტამდე უნდა გაუგზავნონ.
ოპოზიცია ამ ფაქტს მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ დაუზუსტებელია ის პროცედურა, როგორ უნდა მოხდეს გადამოწმების შედეგების ასახვა საარჩევნო სიებში და რა ვადებში მოხდება ეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ესეც კანონით უნდა იქნას გაწერილი.
აღნიშნულ მოთხოვნას ქრისტიან-დემოკრატები აყენებენ. მათ სესიაზე დამოუკიდებელი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი შეუერთდა. ოპოზიცია ითხოვს, კანონით განისაზღვროს ისიც, რომ თუკი არასამთავრობო ორაგანიზაციები მოიპოვებენ დაფინანსებას და მოახერხებენ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესში ჩართვას, თავიანთი შედეგები ცესკოს იმავე ვადაში გადაუგზავნონ, რაც პოლიტიკური ძალებისთვის არის განსაზღვრული.