სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განუცხადა, მმართველ გუნდს სიების გადამოწმების ახალი მექანიზმის შემუშავება არ სურს და მეტიც, საარჩევნოდ სიების ხელოვნურად გაბერვას თავად ცდილობს.
"ჩვენ ვითხოვთ მოგვცენ ხელმისაწვდომობა საჯარო რეესტრში, ასევე საზღვრის დაცვის დეპარტამენტში არსებულ მონაცემთა ბაზაზე და ცესკოში არსებულ სიებზე. ამ სამის შეჯერების შემთხვევაში ძალიან მარტივია პრობლემის მოგვარება. უკვე მეორე ეტაპის საკითხი იქნება სიის ჩაკეტვა, მაგალითად 2 თვით ადრე, რომ ამა თუ იმ პარტიამ საკუთარი მომხრეების თბილისში დარეგისტრირება ვეღარ შესძლოს", - განაცხადა ხიდაშელმა.
ხიდაშელის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პალიკო კუბლაშვილი და აცხადებს, რომ ხელისუფლება მზადაა, ოპოზიციის მოთხოვნა დააკამყოფილოს და ამომრჩეველთა რეგისტრაცია თბილისში არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე შეწყვიტოს.
"ვერ გეტყვით ქალბატონი თინა რაზე საუბრობდა, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით - იმისთვის, რომ გამოირიცხოს ვიღაცის სპეციალურად გადმოწერა თბილისში, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეტყდეს რეგისტრაცია და პირადობის მოწმობები გაიცეს მხოლოდ 1 ივნისის შემდეგ. ამაზე მზად ვართ, რა არგუმენტები აქვს ქალბატონ თინას, ჩემთვის უცნობია", - განაცხადა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრაზე უმრავლესობის და ოპოზიციური პარტიების წევრები სიების გადამოწმების ახალ სქემაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ.