შუა საუკუნეების ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ოშკის ტაძარი, რომელიც ტაო-კლარჯეთში მდებარეობს, ძეგლთა მსოფლიო ფონდის (World Monument Fund, შემოკლებით WMF) 2012 წლის საზედამხედველო ძეგლთა სიაში მოხვდა, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.
მათჴვე ინფორმაციით, თურქეთში მდებარე ქართული ძეგლის მდგომარეობის გამო განგაშს უკვე მსოფლიოში ყველზე გავლენიანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაცია იწყებს.
World Monument Fund-ის ოფისი ნიუ იორკში მდებარეობს. 1996 წლიდან მოყოლებული, ის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს მსოფლიო მასშტაბით განადგურების პირას მყოფი ძეგლების სიას და მათ გადასარჩენად მსოფლიოს შესაბამის ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, დონორებსა და მას-მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. სტატისტიკის თანახმად, ამ ძეგლების 80 პროცენტს World Monument Fund-ის ჩარევის შემდეგ რესტავრაცია ან კონსერვაცია ჩაუტარდა.
წელს შეირჩა 67 ძეგლი მსოფლიოს 40 ქვეყნიდან. მათ შორისაა ოშკის ტაძარი, რომლის შესახებაც ფონდმა საკუთარ საიტზე სპეციალური გვერდი შექმნა: http://www.wmf.org/project/oshki
მომზადდა და გამოქვეყნდა შესაბამისი პლაკატიც.
საიტზე ნათქვამია: „იმედია, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული ძეგლის დაცვა მიღწეული იქნება".
ამ საკითხთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 12 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება საგანგებო პრესკონფერენცია გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში (თბილისი, თაბუკაშვილის ქუჩა #5).