პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია შავი ზღვის აფხაზეთის მონაკვეთში ნავთობის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების ამუშავებაზე მიღწეულ შეთანხმებას აპროტესტებს და მთავარ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სთხოვს.
ამის შესახებ განცხადება დავითაიამ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, შავი ზღვის აფხაზეთის მონაკვეთში ნავთობის მოპოვების მიზნით აფხაზეთში სააქციო საზოგადოება `შელფ-აფხაზიი~ დაფუძნდა, რომლის უკანაც რუსული `როსნეფტი~ დგას. ხოლო "შელფ-აფხაზიის~ რუსეთის მოქალაქე ვლადიმ ივანოვი ხელმძღვანელობს, რომელიც მანამდე `როსნეფტის~ წარმომადგენელი იყო.
დავითაიას ინფორმაციით, შავ ზღვაში დაგეგმილია ორი ჭაბურღილის ამუშავება. აქედან ერთი გუდაუთის რაიონში, ხოლო მეორე ოჩამჩირეში ამოქმედდება. მისი თქმით, აღნიშნული სამუშაობის ჩატარების მიზნით `როს-ნეფტი~ პირველ ეტაპზე 1 მილიარდ რუსულ რუბლს აბანდებს, მოგვიანებით კი დადგემილია დამატებით 15 მილიარდის ინვესტირება.
`ეს არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა და სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რომლის წინააღმდეგაც მთავარმა პროკურატურამ საქმე უნდა აღძრას. საერთაშორისო ნორმების თანახმად, ნავთობკომპანიებს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნავთობის შესყიდვა აკრძალული აქვთ. აღნიშნული ტერიტორიები კი ძალადობრივი გზით არის მითვისებული~, - განაცხადა დავითაიამ.
ამასთან იგი გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსაც მოუწოდებს, აფხაზეთის საკურორტო სანაპირო ზოლის განადგურების საფრთხეზე რეაგირება საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე მოახდინოს.