უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებების პერიოდში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, რასაც, მისი თქმით, არაერთი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის კანონმდებლობა, საზღვარგარეთ და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხმის მიცემის ორგანიზება და უსაფრთხოების საკითხები.
ამის შესახებ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მზად ვარ, არჩევნები ხვალვე ჩავატაროთ, მაგრამ როდესაც ომი გრძელდება, ამის გაკეთება შეუძლებელია. ამას ითვალისწინებს კონსტიტუცია, საარჩევნო კანონმდებლობა და, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების მდგომარეობა. როგორ შეიძლება არჩევნების ჩატარება, როდესაც ბავშვები სკოლაში ვერ დადიან? როგორ ჩავატაროთ არჩევნები, როდესაც 9 მილიონი ადამიანი საზღვარგარეთ იმყოფება?“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ჩვეულებრივ, საზღვარგარეთ დაახლოებით 500 ათასი უკრაინელი აძლევს ხმას. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე.
„ისინი მისცემენ ხმას? როგორ მისცემენ ხმას, ვინ გააკონტროლებს იქ ხმის მიცემის პროცესს? იქ ხომ რუსი სამხედროები იმყოფებიან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ გაიხსენა, რომ უკრაინას არაერთხელ შეუთავაზებია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაწესება, რომლის გამოყენებაც არჩევნებისთვის მოსამზადებლად, დეესკალაციისა და ომის დასრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება. მისი თქმით, რუსეთი ამ წინადადებებს უარყოფს.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ამჟამად ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების ნაწილი ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს, მათ შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამას შეცდომად მიიჩნევს. მისი თქმით, ეს ადამიანები „პოლიტიკაში ყოფნას ცდილობენ“.
„მე ამას შეცდომად მივიჩნევ. ომის დროს მშვიდობა ნომერ პირველი მიზანია, პოლიტიკა კი მეორე ადგილზეც არ დგას. პოლიტიკოსებისთვისაც კი ის მეათე ადგილზეა. ადამიანებისთვის კი - მეასეზე. ადამიანებს სხვა პრიორიტეტები აქვთ: როგორ გადარჩნენ, როგორ იცხოვრონ, როგორ იარონ ბავშვებმა სკოლაში... ამ ყველაფერს რა ვუყოთ?“ - განაცხადა ზელენსკიმ.