"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, მოუწოდებს, ხელისუფლებასთან ერთად ქვეყანაში არსებულ ყველა საფრთხეზე პასუხისმგებლობა თავადაც აიღონ.
"ჩვენ, "დემოკრატიული მოძრაობა", არ მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს უარი განაცხადონ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. ჩვენ მოვუწოდებთ მათ - ხელისუფლებასთან ერთად აიღონ პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც ელის ამ ქვეყანას უპასუხისმგებლო, არაადექვატური და არადემოკრატიული ხელისუფლების მმართველობის ყოველი შემდგომი დღის განმავლობაში", - ნათქვამია ბურჯანაძის პარტიის განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნების გზა სწორედაც რომ მისაღები და სწორი გზაა, მაგრამ თვითმმართველობას არ აქვს ის რესურსი და უფლებამოსილება, რომ ქვეყანაში დღეს არსებული პრობლემები და საფრთხეები აღკვეთოს.
"ოპოზიციის უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს საარჩევნო გარემოს შეცვლა. დიახ, არჩევნების გზა სწორედაც, რომ მისაღები და სწორი გზაა და ჩვენც არჩევნებს ვითხოვთ! მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც რეალურად გახდება წინაპირობა ყველა სხვა ტიპის არჩევნების ჩასატარებლად. ვინაიდან ქალაქის მერს და ადგილობრივ თვითმმართველობას არ აქვს ის რესურსი და უფლებამოსილება, რომ ქვეყანაში დღეს არსებული პრობლემები და საფრთხეები აღკვეთოს. დღეს ქვეყანას რეალური და არა ფასადური ცვლილებები სასიცოცხლოდ სჭირდება", - ნათქვამია განცხადებაში და აქვე ხაზგასმულია, რომ აღნიშნულის კონტექსტში "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" პრინციპულად მიუღებლად თვლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან მიაჩნია, რომ არსებულ გარემოში ჩატარებული არჩევნები არის "საარჩევნო ფარსი", რომელიც ხელისუფლების მიერ არადემოკრატიული გზით მოპოვებული ძალაუფლების დაკანონებას და სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ემსახურება.