საფინანსო კორპორაციამ (IFC), თიბისი ბანკს 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სავაჭრო დაფინანსების საგარანტიო ხაზი გაუხსნა, რაც დაეხმარება ბანკს დააფინანსოს ადგილობრივი კომპანიების საგარეო სავაჭრო ოპერაციები და ხელი შეუწყოს ვაჭრობის განვითარებას საქართველოში.
თიბისი ბანკი IFC-ის გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამას შეუერთდება, რაც მას საშუალებას მისცემს კლიენტებს შესთავაზოს იმპორტისა და ექსპორტის გრძელვადიანი დაფინანსება გაუმჯობესებული პირობებით. ეს პროგრამა ბანკს დააკავშირებს მსოფლიოს დაახლოებით 85 ქვეყნის 300-ზე მეტ ბანკთან.
"IFC-სთან თანამშრომლობის შედეგად თიბისი ბანკი მიიღებს მნიშვნელოვან გარანტიებს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდასაჭერად საქართველოში. IFC-ს ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში თიბისი ბანკს საშუალება ექნება დააფინანსოს ადგილობრივი კომპანიები, რომ მათ მომავალში უფრო გააფართოვონ ქვეყანაში ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციები და შეაღწიონ საერთაშორისო ბაზრებზე"- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
IFC -ისა და თიბისი Bბანკს ხანგრძლივი ბიზნეს პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც 1998 წელს დაიწყო. IFC თიბისი ბანკის ერთ-ერთი აქციონერია. როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბანკი საქართველოში, თიბისი საქართველოს ეკონომიკაში ფინანსური შუამავლის ფუნქციას ასრულებს და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საფინანსო სექტორში.
`იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის შემდეგ, რაც რთულ ეკონომიკურ პირობებში საქართველოს საბანკო სექტორს გავუწიეთ, კვლავ განვაგრძობთ ამ სექტორის ხელშეწყობას სხვადასხვა ინიციატივების მეშვეობით, მათ შორის გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში. ამ ხელშეკრულების ხელმოწერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია IFC-ისა და თიბისი Bბანკის ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის გზაზე"- განაცხადა IFC -ის ვიცე პრეზიდენტმა რაშად კალდანიმ.
2005 წქლს IFC -ის გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დაარსებიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში 10 000-ზე მეტი გარანტია გაიცა განვითარებად ბაზრებზე 17 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის სავაჭრო ოპერაციების დასაფინანსებლად.
IFC -ის ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 550 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 39 პროექტში. გარდა ამისა, IFჩ თავისი საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში მუშაობს საქართველოს საგადასახადო სისტემის რეფორმირების მიმართულებით, რაც მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. IFC საკონსულტაციო პროექტების მეშვეობით კომპანიებს სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლებაში ეხმარება და ასევე, მუშაობს ბანკებთან მათი რისკის მართვის პრაქტიკის განმტკიცების მიზნით. საქართველო IFC -ის წევრი 1995 წელს გახდა.