ქუთაისში დღეს ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის 3-დღიანი სესია მიმდინარეობს. ღონისძიება ქუთაისის მერიის და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით იმართება.
სესიაში საქართველოდან და რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან 60-მდე დელეგატე მონაწილეობს.
ახალგაზრდები 5 კომიტეტში არიან განაწილებულნი და 3 დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, მოლდოვაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და ევროკავშირის გაფართოებაზე.
სკოლის მოსწავლეებს და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ და საგანმანათლებლო საკითხებზე გამართულ დებატებში, გაეცნონ ევროპარლამენტის მუშაობის პრინციპებს.
ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი საფრანგეთში, 1987 წელს დაარსდა, საქართველო კი ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი 2008 წელს გახდა. საქართველოში ღონისძიების ეგიდით სესიები უკვე ჩატარდა თბილისში, რუსთავში, ბათუმში, გორსა და მცხეთაში.