"გუშინ და დღეს ევროკავშირის ძალიან ბევრი ლიდერი ლაპარაკობდა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. არასოდეს, თუნდაც რამდენიმე ხნის წინ, ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდნენ", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში სამიტზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
"ეს არის ძალიან დიდი ცვლილება. აბსოლუტურად ყველა, და არა მხოლოდ ამ დარბაზში, არამედ ევროპაში, ამერიკაში, დღეს წერს რომ ყველაზე შორს წასული ამ პარტნიორობის ქვეყნებში ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით არის საქართველო. მოლდოვასაც ახსენებენ, მაგრამ საქართველო ყველგან პირველ ადგილზე ფიგურირებს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ის რეფორმა, რომელსაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში ატარებს და ის, რომ ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა სულის სიმტკიცე წარმოუდგენლად რთულ ვითარებაში აქტიურად მოითხოვა მთელი პოლიტიკური კლასისგან რეფორმები, შეძლო ფეხის აწყობა ყველაზე თანამედროვე პროცესებისადმი და ბევრი რამ საქართველოს აქვს უფრო მაგარი, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყანას.
"როდესაც საქმე ეხება ბიზნესის კეთებას, დამნაშავეობასთან ბრძოლას, პენიტენციალურ სისტემას,
არავისთვის არა არის საიდუმლო, რომ საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს ხალხი ჩამოდის საქართველოში პენიტენციალური რეფორმის შესასწავლად. ბევრი რაღაცაა, რისი გამოცდილების გაზიარებაც ჩვენ შეგვიძლია, ერთი მხრივ, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, უნდა გესმოდეს, რომ ევროკავშირის წევრობა და ევროკავშირთან დაახლოება გადამწყვეტია ჩვენი განვითარებისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის", _ აცხადებს სააკაშვილი.