"ქრისტიან-დემოკრატები" ხორცით საბითუმო ვაჭრობის საკანონმდებლო რეგულაციას აკრიტიკებენ. ქდმ-ს ლიდერები გიორგი თარგამაძე, ნიკა ლალიაშვილი, რატი მაისურაძე და რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკო ლაშხი დღეს თელავში, ხორცის ერთ-ერთ საბითუმო ბაზარში იმყოფებოდნენ. ისინი ყასბებს, მოვაჭრეებს და მომხმარებლებს გაესაუბრნენ. პარტიის ლიდერის განცხადებით, თუ თელავში ხორცის ფასი 8 ლარია, იგივე ხარისხის პროდუქტი თბილისში მინიმუმ 17 ლარი ღირს.
"ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რა შედეგი მოაქვს სახელმწიფოს ხელოვნურ ჩარევას ბიზნესში, როგორც თავად ბიზნესისთვის, ისე რიგითი მოქალაქეებისთვის. ფასებში ასეთი სხვაობა, მაშინ როცა ათასობით ოჯახის შემოსავალი მინიმალური სამომხმარებლო კალათის შესავსებადაც არ კმარა, მთავრობის გაუაზრებელი პოლიტიკა მოსახლეობის შიმშილისთვის გაწირვის ტოლფასია" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მისივე თქმით, საკუთარი ბიზნეს-ინტერესების ლობირების ნაცვლად. ხელისუფლების წარმომადგენლები უმოკლეს ვადებში უნდა დაუბრუნდნენ ამ პრობლემის მოგვარებას:
"სამწუხაროა, მრავალგზის დაპირების მიუხედავად ამ მიმართულებით არაფერი იცველება. აუცილებელია შემოვიდეს ისეთი რეგულაციები, რაც ყველა სასაკლაოდან დედაქალაქის ხორცით მომარაგებას და კონკურენციის პირობებში მნიშვნელოვან ფასდაკლებას უზრუნველყოფს" - აღნიშნა თარგამაძემ.