საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) წევრები, დღეს "საქსტატის" ხელმძღვანელსა და ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა, მხარეებმა "საქსტატსა" და ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე და პერსპექტივებზე ისაუბრეს.
"ასეთი სახის შეხვედრები ჩვენი ასოციაციისათვის მნიშვნელოვანია, რადგანაც "საქსტატმაც" და ბიზნესომბუდსმენმაც სტატისტიკური ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ. რაც ერთობ მნიშვნელოვანია შემდეგ ბიზნეს სექტორისათვის"- აღნიშნა ICC-ის პრეზიდენტმა ფადი ასლიმ.
"საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ ბიზნესმენებს ძირითადი სტატისტიკური მონაცემების (ინფლაცია, მთლიანი შიდა პროდუქტი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საგარეო ვაჭრობა და ა.შ.) გაანგარიშების მეთოდოლოგია გააცნო.
"სტატისტიკა და ეკონომიკური ინდიკატორები ბიზნესს ძალიან სჭირდება. ბიზნესი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ძირითადი მომხმარებელია. ჩვენი შეხვედრის მიზანია გავაცნოთ ბიზნესს სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია. შეხვედრაზე საუბარი გვექნება მშპ-სა და ინფლაციის მეთოდოლოგიაზე. ბიზნეს კომპანიებსა და საზოგადოებას ყოველთვის აქვთ გარკვეული კითხვები სტატისტიკური ინფორმაციის მიმართ და ჩვენი მიზანია, რომ მათ ამ ინფორმაციის დათვლის მეთოდოლოგიაზე ვესაუბროთ. ვისაუბრებთ ასევე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე"- განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ.
ზაზა ჭელიძე აცხადებს, რომ ბიზნეს ძირითადად ბიზესის რეგისტრაციის, საგარეო ვაჭრობისა და ექსპორტ-იმპორტის შესახებ არსებული სტატისტიკური ინფორმაცია აინტერესებს.
ბიზნესომბუდსმენმა კი შეხვედრაზე ბიზნესგარემოსა და ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის შესახებ ისაუბრა, კერძოდ რა სახის ღონისძიებები ხორციელდება ბიზნესის ინტერესების დასაცავად, მათ შორის კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ურთიერთანამშრომლობისთვის.
"საერთაშორისო სავაჭრო პალატა ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა ჩვენთვის იმიტომ, რომ ამ ორგანიზაციაში ძალიან ბევრი ბიზნესმენია გაწევრიანებული. შეხვედრაზე განვიხილავთ იმ კანონმდებლობას, რომელიც შემოსავლების სამსახურმა უკვე წარადგინა პარლამენტში განსახილველად, ან მალე წარედგინება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი აზრი, თუ რას ფიქრობენ. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია იგივე სასაწყობე მეურნეობებთან დაკავშირებით. შარშანდელთან შედარებით შეიცვალა თუ არა ბიზნეს გარემო. თუმცა კი აღიარებს, რომ საგადასახადო წნეხი მცირდება"- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა გიორგი პერტაიამ.