პროკრედიტ ბანკმა, დევიზით "გმადლობთ, რომ გიყვართ ბუნება და იცავთ სისუფთავეს!" ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალს ნარჩენების ჩასაყრელი 60 კონტეინერი გადასცა. ამ ინიციატივის მიზანია, ნაკრძალის ადმინისტრაციას ნაკრძალის ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვაში დაეხმაროს, ამასთანავე ნაკრძალის მნახველებს შეახსენოს გარემოს დაცვის აუცილებლობა და მოუწოდოს მათ, რომ ნაგავი საგანგებოდ განკუთვნილ კონტეინერებში ჩაყარონ. კონტეინერები თვალშისაცემი ფერისაა და ნაკრძალის მთელ ტერიტორიაზე - ცენტრში და სავალი ბილიკების გასწვრივ დაიდგმება. ეს ინიციატივა ბანკსა და ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალს შორის მიმდინარე თანამშრომლობის ნაწილია. რამდენიმე თვის წინ პროკრედიტ ბანკმა დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში ეკო ტური მოაწყო, სადაც ბანკის თანამშრომლებმა და ხელმძღვანელობამ ნაკრძალის გარკვეული ნაწილის დასუფთავებაში მიიღეს მონაწილეობა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ბანკმა ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ინფრასტრუქტურის გამართვისა და მოვლისთვის 20 000 აშშ დოლარი გამოყო. როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელ ინსტიტუტს, პროკრედიტ ბანკს მიაჩნია, რომ გარემოს დაცვასა და მომავალი თაობებისთვის მის შენარჩუნებაში წვლილის შეტანა უაღრესად მნიშვნელოვანია და ამიტომ მომავალშიც გააგრძელებს ეკოლოგიური პროექტების მხარდაჭერას.
შეგახსენებთ, რომ პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 60 ფილიალი აქვს გახსნილი. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპის თერთმეტ, ლათინური ამერიკის შვიდ და აფრიკის სამ ქვეყანაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას სს პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია).