ბათუმში, სასტუმრო `შერატონში~ მუშაობა დაიწყო რეგიონულმა სემინარმა, რომელიც მომსახურების სფეროში გატარებულ რეფორმებსა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებს მიეძღვნა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა 70-მდე უცხოელი და 35 ადგილობრივი დელეგატი, სემინარს ესწრებოდნენ აგრეთვე ელექტრონული მმართველობის და ანტიკორუფციული რეფორმის ექსპერტები აშშ-დან, ევროკავშირის წევრი და სხვა ქვეყნებიდან.
კონფერენცია საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის დირექტორმა ჯონათან კონლიმ გახსნეს. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ უკრაინის იუსტიციის მინისტრი ალექსეი ლავრინოვიჩი და პოლონეთის მთავრობის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, მინისტრი პაველ ვოიტუნიკი.
რეგიონული კონფერენციის მონაწილეები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სერვისების გაუმჯობესების კუთხით საქართველოში გატარებული რეფორმების შედეგებს გაეცნენ. ანტიკორუფციული რეფორმის პრეზენტაცია მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ წარმოადგინა, იუსტიციის სახლის კონცეფცია კი სტუმრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ გააცნო. კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს პრეზენტაციები სამოქალაქო და საჯარო რეესტრებში მომსახურების სფეროში დანერგილ სიახლეებზე.
`საქართველოს ხელისუფლება წარმატებულად ახორციელებს ანტიკორუფციულ პოლიტიკას, რაც ადექვატურად აისახა როგორც საერთაშორისო კვლევებში, ასევე _ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში, _ განაცხადა დ. საყვარელიძემ, `გლობალური კორუფციის ბარომეტრის~ კვლევების შედეგით საქართველოს მოსახლეობის 97 პროცენტს არ გადაუხდია ქრთამი მიმდინარე წლის მანძილზე, 78% კი მიიჩნევს, რომ კორუფციის დონე ქვეყანაში შემცირდა ან ძალიან შემცირდა, რაც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია."
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ სახელმწიფო სერვისების გამარტივების მნიშვნელობაზე ისაუბრა: `რაც უფრო მარტივი და ღიაა სახელმწიფოს მხრიდან მომსახურების გაწევის პროცედურა, მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა რჩება კორუფციული გარიგებისათვის. საქართველოს მაგალითი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა კორუფციის დამარცხების და, რაც მთვარია, მისი პრევენციის ყველაზე სწორი მექანიზმია~, _ განაცხადა მან.
სემინარის ორგანიზატორები არიან აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
სემინარის მონაწილეებმა ბათუმის ღირშესანიშნაობები დაათვალირეს, მათ შორის - სარფის საბაჟო და იუსტიციის სახლი.
რეგიონული კონფერენცია საქართველოში ყოველ წელს გაიმართება. სემინარის მონაწილეები კორუფციასთან ბრძოლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების კუთხით საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს.
წლევანდელი სემინარი ბათუმში 24 სექტემბერს დასრულდება.